რობოძაღლები ამფიბიებიც ხდებიან — ეს ტექნოლოგია მათ სამხედრო მიზნით ცურვაში დაეხმარება
რობოტული ძაღლი, რომელსაც აშშ-ის სამხედრო ძალები ტერიტორიის პატრულირებისთვის იყენებს, მალე წყალში ცურვასაც შეძლებს. ეს კიდევ უფრო მეტად ამსგავსებს მას ნამდვილ ძაღლს. მეტიც, Popular Science-ის მიხედვით, ამ უნარის დამატება ქვეყნის სამსახურში მყოფ რობო-ძაღლებში მარტივი მოდიფიკაციით შეიძლება.
სპოტისგან განსხვავებით, რომელსაც სამოქალაქო სივრცეებში იყენებენ, ფილადელფიაში დაფუძნებული Ghost Robotics ასეთ ტექნოლოგიებს სამხედრო გამოყენებისთვის ქმნის.
კომპანიის რობოტული ძაღლი, Vision 60, უკვე თითქმის ორი წელია, ტინდალის საჰაერო ბაზაზე პატრულირებს. მიუხედავად იმისა, რომ ენერგიას ელემენტებით იღებს, რობო-ძაღლი მეჩხერ წყლებშიც თავისუფლად გადაადგილდება.
შეუძლია თუ არა რობო-ძაღლს ღრმა წყლებში ცურვა?
Ghost Robotics-ის განახლება Vision 60-ს ამფიბიურ ქმნილებად აქცევს. განახლებაზე პასუხისმგებელი Onyx Industries არის, რომელმაც რობოტისთვის დამატებითი აღჭურვილობა შექმნა. The War Zone-ის მიხედვით, აღჭურვილობის საშუალებით, Vision 60 მაქსიმალური სიჩქარით გადაადგილებას და გადაბმულად 35 წუთის განმავლობაში ცურვას შეძლებს.
როგორც ვიდეოში ხედავთ, რობოტს ფეხები სხეულის ქვეშ აქვს მოკეცილი, რადგან ცურვისთვის მისი კიდურები უსარგებლოა.
გასულ წელს Ghost Robotics-მა Vision 60-ის ვერსია გამოუშვა, რომელიც სნაიპერული შაშხანით იყო აღჭურვილი. Onyx Industries-ის საშუალებით, Vision 60 ასეთი მომაკვდინებელი არ იქნება, თუმცა ეს მის ეფექტიანობას ხელს არ შეუშლის.
იქიდან გამომდინარე, რომ Vision 60-ის მართვა დისტანციურადაც შეიძლება, მისი ცურვის უნარი, შესაძლოა, სამხედროებს ტბის ან მდინარის სანაპიროდან მისი მეორე მხარის დაზვერვაში დაეხმაროს. შესაძლოა, თვითონ წყალშიც ნაღმები იყოს განთავსებული, ამფიბიური რობოტი კი უსაფრთხო გზას თავისუფლად მოძებნის, სხვების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების გარეშე.
სტიქიის შემთხვევაშიც კი, როგორიც წყალდიდობაა, ამფიბიური რობოძაღლის საშუალებით მიუწვდომელი ტერიტორიების სკანირება შეიძლება.
კომენტარები