ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში "ოქროს სტანდარტის" ვარსკვლავი გამოავლინეს
მნათობი, სახელად HD 222925, ცის სამხრეთ ნახევარსფეროში, ტუკანის თანავარსკვლავედში მდებარეობს. ერთი შეხედვით, ის ირმის ნახტომში არსებული სხვა მსგავსი ობიექტებისგან არაფრით გამოირჩევა, მაგრამ ახალმა ანალიზმა მისი უნიკალურობა ცხადყო.
საქმე იმაშია, რომ ამ ვარსკვლავში მეცნიერებმა 65 ქიმიური ელემენტი აღმოაჩინეს, რომელთაგანაც 42 მძიმე ლითონია, მაგალითად, ვერცხლი, სელენიუმი, ოქრო, ტელური, პლატინა, თორიუმი და სხვა. მსგავსი შემადგენლობა ძალზე იშვიათია და მათი ფორმირების შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია.
ზემოხსენებული რაოდენობა აქამდე მზის სისტემის გარეთ არსებულ არცერთ ციურ სხეულში დაუფიქსირებიათ, რაც HD 222925-ს რეკორდსმენად აქცევს. ეს მძიმე ელემენტები r-პროცესის, ანუ ნეიტრონის სწრაფი დაჭერის დროს წარმოიქმნება, რასაც ბირთვული რეაქციები უწყობს ხელს.
შესაბამისად, მას დიდძალი ენერგია ესაჭიროება, რომელსაც მასშტაბური კოსმოსური მოვლენების მეშვეობით იღებს. ასეთია ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება და ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახება. ორივე სცენარის ან მათი კომბინაციის შემთხვევაში, HD 222925 ერთგვარი "ოქროს სტანდარტია".
ეს იმას ნიშნავს, რომ მის მაგალითზე ვიგებთ, რომელი ელემენტები ჩნდება r-პროცესების დროს და როგორ, ანუ ყველა ასეთი სადემონსტრაციო მოდელი სწორედ HD 222925-ს უნდა ეფუძნებოდეს.
ავტორთა ნაშრომი სამეცნიერო პორტალ arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში The Astrophysical Journal Supplement Series გამოქვეყნდება.
კომენტარები