WhatsApp-ის ახალი ფუნქციით კონკრეტულ ადამიანებს თქვენს აქტივობის სტატუსს დაუმალავთ
ონლაინ მიმოწერისა და ხმოვანი კომუნიკაციის პლატფორმა WhatsApp-მა iOS-ზე ახალი ფუნქციის ბეტა ვერსია ჩაუშვა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, კონკრეტულ ადამიანებს აქტივობის სტატუსი დაუმალონ. ეს იმას ნიშნავს, რომ შერჩეული კონტაქტები ვეღარ დაინახავენ, ბოლოს როდის შეამოწმეთ აპლიკაცია.
ზემოხსენებული სტატუსი იმის გაგებაში გვეხმარება, თუ რამდენადაა შესაძლებელი, ადრესატს ჩვენი მიწერილი შეტყობინება ენახა. WhatsApp-ზე აქტივობის შესახებ ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარების გათიშვა აქამდეც შეგვეძლო, თუმცა არა შერჩეული ინდივიდებისთვის, არამედ ყველასთვის.
ახლა კი iOS-ზე მომუშავე მოწყობილობებში (ანდროიდზე ეს ფუნქცია მარტში ჩაეშვა), აპლიკაციის კონფიდენციალურობის პარამეტრებში, აქტივობის ველში, შემოთავაზება "ჩემი კონტაქტები, გარდა..." გამოჩნდა, რომლის არჩევისასაც სასურველ კონტაქტებს მიუთითებთ. აღსანიშნავია, რომ ამგვარად მათ აქტივობის სტატუსს ვერც თქვენ იხილავთ.
ეს და სხვა ფუნქციები WhatsApp-ზე ფართოდ ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გახდება.
კომენტარები