კვლევა: წყლის დათვები ლოკოკინებს სწრაფად გადაადგილებისთვის იყენებენ
წყლის დათვები, იგივე ტარდიგრადები დედამიწაზე ყველაზე გამძლე ცოცხალი არსებები არიან. მიუხედავად მათი გამძლეობისა მათთვის პრობლემაა დიდ დისტანციაზე გადაადგილება. თუმცა, ახლა ახალი კვლევის მიხედვით, ისინი დიდი მანძილების დასაფარად ლოკოკინებს იყენებენ.
ერთი შეხედვით არც ლოკოკინაა დიდად სწრაფი, მაგრამ ისეთი მინიატურული არსებისთვის როგორიც წყლის დათვია გადასაადგილებლად ცუდი ვარიანტი ნამდვილად არ არის. ყოველ შემთხვევაში, ასე ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე ქარისგან გატაცებული წყლის დათვი.
მილიმეტრზე პატარა ზომის არსებისთვის, რომელიც ძალიან პატარა ფეხებს იყენებს გადაადგილებისთვის, "სამოგზაუროდ წასვლა" მარტივი საქმე არაა. ამიტომ, ისინი ამ მხრივ ძირითადად გარე ფაქტორებზე არიან დამოკიდებული. ეს პაწაწინა არსებები ზოგჯერ ლოკოკინების და ჩიტების ნაწლავებშიც ხვდებიან და შემდეგ გამოყოფისას ჩვეულებრივ აგრძელებენ სიცოცხლეს.
ასეთი მოგზაურობის გასაძლებად ტარდიგრადები შედიან ერთგვარ შეჩერებულ მდგომარეობაში, რა დროსაც სხეულისგან მთელი წყლის გამოდევნის საშუალებით ანჰიდრობიოზს აღწევენ. ეს მათ საშუალებას აძლევს გაუძლონ ყველაზე ექსტრემალურ განსაცდელებსაც კი, როგორიცაა მაგალითად კოსმოსური მოგზაურობა.
იქიდან გამომდინარე, რომ წყლის დათვები ხშირად ისეთ ადგილებში გხვდებიან,სადაც ლოკოკინებია, მკვლევრებმა გადაწყვიტეს გამოეცადათ მათი უნარი მოლუსკების ზურგზე ავტოსტოპით მოგზაურობის მხრივ. ამისთვის მათ ჩასვეს მიკროსკოპული არსებები სილიკონის ყუთებში პეტრის ჭურჭელში, რომელშიც ასევე იყვნენ ლოკოკინები.
წყლის დათვებმა სილიკონის ყუთებიდან გაქცევა შეძლეს მხოლოდ ლოკოკინების საშუალებით. მათ გარეშე წყლის დათვებმა ეს ვერ ქნეს.
"ამიტომ, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ლოკოკინები პასუხისმგებელნი არიან ამ მიკროსკოპული არსებების ტრანსპორტირებაზე", — წერენ მკვლევარები.
მიუხედავად იმისა, რომ ლოკოკინებზე ამხედრებული წყლის დათვები არასოდეს დაუფიქსირებიათ ველურ ბუნებაში, წინა კვლევებმა აჩვენა, რომ პატარა მოგზაურებს ზოგჯერ შეუძლიათ ჰაერის დინებით 1000 კილომეტრის დაფარვაც. თუმცა, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ქარზე მოგზაურობისას ბოლო გაჩერება შემთხვევითია და შეიძლება იყოს მტრული მათთვის.
"საპირისპიროა, როდესაც ლოკოკინასთან გვაქვს საქმე, რომელიც ორიენტირებულია მიკროჰაბიტატის კონკრეტულ ტიპზე. ეს გარემო კი წყლის დათვებისთვისაც სასურველი და კომფორტულია", — განმარტეს მკვლევრებმა.
კომენტარები