მარკ ცუკერბერგი ადასტურებს – NFT-ები მალე Instagram-ზე გამოჩნდება
NFT-ები მალე Instagram-ზე გამოჩნდება. ამ ინფორმაციას მარკ ცუკერბერგი ადასტურებს და თან ამტკიცებს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
"ვმუშაობთ, რომ NFT-ები Instagram-ზე იყოს ხელმისაწვდომი", — ამბობს ცუკერბერგი, თუმცა ,ჯერჯერობით მაინც არ ვიცით, რა სახეს მიიღებს აღნიშნული სიახლე. "დღეისათვის ჯერ მზად არ ვარ იმის ზუსტად დასაანონსებლად, თუ როგორი იქნება NFT-ები Instagram-ზე. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში, თქვენი NFT-ების ნაწილის Instagram-ზე შემოტანის შესაძლებლობა გექნებათ. დროთა განმავლობაში კი, იმედი გვაქვს, რომ ამ გარემოში NFT-ების შენახვას შეძლებთ", — დასძინა მან.
ცუკერბერგმა და სხვებმა უკვე გამოთქვეს ინტერესი NFT-ების მიმართ. როგორც Instagram-ის აღმასრულებელი დირექტორი, ადამ მოსერი ამბობდა, კომპანია აქტიურად ცდილობდა ამ ტექნოლოგიაში გარკვევას. ხოლო როგორც იანვარში The Financial Times-მა გვაუწყა, კომპანიას იმედი აქვს, რომ NFT-ების Meta-ს კრიპტოსაფულე Novi-ში შენახვა იქნება შესაძლებელი.
გამოსვლისას ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, NFT-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს კომპანიის მიერ შექმნილ მეტავერსში.
"ტანსაცმელი, რომელიც თქვენს ავატარს მეტავერსში ეცმევა, შეგეძლებათ, ძირითადად, NFT-ის სახით გამოიმუშაოთ და გადაიტანოთ ის სხვადასხვა ადგილას. ამისათვის ტექნიკური საშუალებების ნაკრები არსებობს, რომელიც დასახვეწია მანამ, სანამ ეს ყველაფერი ნამდვილად შეუფერხებლად იმუშავებს", — თქვა მარკ ცუკერბერგმა.
ცუკერბერგი, რომელიც ჩაცმის კუთხით, თავისი ერთგვაროვანი, ნაცრისფერი მაისურებითაა ცნობილი, ამავე გამოსვლაში გვიმტკიცებს, რომ შოპინგისას უმეტესად Instagram-ს ან Facebook-ს იყენებს. "ალბათ, ტანსაცმლის უმეტესობა, რომელიც მაცვია ნაყიდი მაქვს Instagram-ის ან Facebook-ის მაღაზიებიდან და რეკლამებიდან", — ამბობს ის.
კომენტარები