19 მარტის ჯამური მონაცემებით საქართველოში კორონავირუსისს საწინააღმდეგო ვაქცინა 3 642-მა ჯანდაცვის სფეროს მუშაკმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაცი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) გაავრცელა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს საქართველოში დაიწყ. NCDC-ს დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა. მის გარდა, აიცრნენ ინფექციური საავადმყოფოს ექიმები, მათ შორის, მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე.

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა შაბათს, 13 მარტს შემოვიდა და ის განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის. შემდეგი ეტაპია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარებისა და პერსონალის აცრა, ამის მერე კი, ვაქცინას 75 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს გაუკეთებენ.

ვაქცინაციისთვის ქვეყანაში შერჩეულია 82 დაწესებულება, თუმცა პირველ ეტაპზე პროცესი 29 ცენტრში დაიწყება და კვირის განმავლობაში ახალი ამცრელი პუნქტები დაემატება.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 11 მარტს განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე აიცრება 43 200 ადამიანი და რადგან ეს ვაქცინა 2 დოზით კეთდება, მეორე დოზას აცრილები გაიკეთებენ მაშინ, როცა დამატებითიც შემოვა. მისი თქმით, იციან დროის მონაკვეთი, როცა გარანტირებულად მიიღებენ მეორე დოზებს და აქვთ დასტური, რომ შემოტანა გარანტირებულად მოესწრება.