რა მემორანდუმი გააფორმეს და რაზე შეთანხმდნენ "ოცნება" და "მოქალაქეები"
"ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები, მიზნად ვისახავთ რა უზრუნველვყოთ საქართველოში დემოკრატიული პროცესების ჯეროვანი და სტაბილური განვითარება, ვთანხმდებით ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე შემდეგი პუნქტების შესაბამისად", — ამ სიტყვებით იწყება ქართულ ოცნებასა და პარტია მოქალაქეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომლის საფუძველზე ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს. დოკუმენტი რამდენიმე პუნქტს მოიცავს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას, საარჩევნო ბარიერებს და ხმის მიცემის პროცესის ახალ ტექნოლოგიებზე გადაყვანაა განხილული.
საარჩევნო ბარიერი
მემორანდუმის პირველ ნაწილში განხილულია საარჩევნო ბარიერის საკითხები. კერძოდ, პარტიები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი დაიწევს და 3%-ზე მეტი ვერ იქნება. კერძოდ, დოკუმენტში წერია:
- 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დადგინდება 5-პროცენტიანზე დაბალი, არაუმეტეს 3-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. ბარიერი დაზუსტდება შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო და საპარლამენტო განხილვების ფარგლებში. ამავე განხილვების ფარგლებში, პოლიტიკური პარტიები იმსჯელებენ დაბალი ბარიერის უფრო ხანგრძლივი ვადით ან მუდმივად ამოქმედების საკითხზეც;
- საპარლამენტო ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება საარჩევნო ბარიერის შესაბამისად. მიმდინარე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო ფრაქციის შექმნის უფლება მიენიჭება არანაკლებ 4 პარლამენტის წევრს;
- თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში ყველა შემდეგი საკრებულოს არჩევნები ჩატარდება ოთხი ერთზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა განისაზღვრება ადგილობრივ თავისებურებათა შესაბამისად, იმგვარად, რომ თანაფარდობა პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის იყოს არანაკლებ ორი ერთზე პროპორციული სისტემის სასარგებლოდ. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი იქნება 2,5 პროცენტი, ხოლო სხვა საკრებულოების არჩევნებისთვის — არაუმეტეს 3,2 პროცენტისა.
"ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჩვენ 4 და 5%-იანი ბარიერის ფარგლებში არ ვიმსჯელებთ. იქნება მსჯელობა მხოლოდ 0-დან 3%-მდე. ანუ 3%-იანი უკვე გარანტიაა დანარჩენზე მოლაპარაკების და კონსულტაციების შედეგად შეიძლება გადაწყდეს" — განცხადა შეხვედრის შემდეგ ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, როგორ გადაწყდება ეს საკითხი, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის არის საჭირო 113 ხმა, პარლამენტში კი ამდენი დეპუტატი არ არის, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე პასუხობს:
"ჩვენ განვაგრძობთ მოლაპარაკების პოლიტიკურ დიალოგს ოპოზიციასთან და ველით, რომ სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსებიც შემოუერთდებიან საპარლამენტო პროცესს, ეს ერთი და მეორეც, რაც შეეხება შეთანხმების იმ ნაწილს, რომელსაც სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ ერთად განვაგრძობთ, საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, ეს არის უკვე მეორე ოპოზიციური პარტია, რომელიც პარლამენტში იქნება წარმოდგენილი, განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას იმისათვის, რათა შემოუერთდეს პროცესს კიდევ მინიმუმ იმდენი წარმომადგენელი ოპოზიციისგან, რაც იქნება საკმარისი ამ ცვლილების განხორციელებისთვის. [როგორ?] მოლაპარაკების საფუძველზე".
საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა
მემორანდუმის მეორე ნაწილში საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაა განხილული. პარტიების განცხადებით, ეს მოხდება ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად. კერძოდ:
- ცესკოს შემადგენლობა განისაზღვრება პროფესიული ნიშნით არჩეული არანაკლებ 7 და არაუმეტეს 11 წევრით. ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი იმ პირთაგან, რომლებსაც შეარჩევს პრეზიდენტთან შექმნილი, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან შემდგარი სპეციალური კომისია. ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით, დანიშნავს თითო წარმომადგენელს ცესკოში, რომლებიც სათათბირო ხმის უფლებით მიიღებენ მონაწილეობას ცესკოს სხდომებში. პარტიების წარმომადგენლები ისარგებლებენ ცესკოს წევრთათვის განსაზღვრული პრივილეგიებით, მათ შორის შესაბამისი შრომის ანაზღაურებით;
- საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა განისაზღვრება ცესკოს მიერ პროფესიული ნიშნით არჩეული 5 წევრით. კომისიის წევრობის კანდიდატები შეირჩევიან ცესკოსთან შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შევლენ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით, საარჩევნო პერიოდში დანიშნავს თითო წარმომადგენელს ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომლებიც სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას მიიღებენ კომისიის მუშაობაში. პარტიების წარმომადგენლები ისარგებლებენ კომისიის წევრთათვის განსაზღვრული პრივილეგიებით, მათ შორის შესაბამისი შრომის ანაზღაურებით;
- საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა განისაზღვრება პროფესიული ნიშნით არჩეული წევრებით (6 წევრი პლუს თითო რეგისტრატორი წევრი ყოველ 300 ამომრჩეველზე). კომისიის წევრობის კანდიდატების შერჩევის ზედამხედველობას განახორციელებს ცესკოსთან შექმნილი სპეციალური კომისია (იხ. ზემოთ). ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით, საარჩევნო პერიოდში დანიშნავს თითო წარმომადგენელს ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომლებიც ისარგებლებენ კომისიის წევრთათვის განსაზღვრული პრივილეგიებით, მათ შორის შესაბამისი შრომის ანაზღაურებით.
არჩევნები
ეს პუნქტები ითვალისწინებს ცვლილებებს არჩევნების დღეს, როგორც პარტიებისთვის, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციებისა და მოქალაქეებისთვის. მაგალითად, პარტიები ამბობენ, რომ უნდა დაინერგოს ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა და არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ID ბარათითა და საქართველოს მოქალაქის პასპორტით იქნება შესაძლებელი.
დოკუმენტში ვკითხულობთ:
- პარტიებს ექნებათ უფლება, ჩაანაცვლონ საარჩევნო კომისიებში თავიანთი წარმომადგენლები არჩევნებამდე ნებისმიერ დროს, გარდა არჩევნების დღისა;
- საარჩევნო კომისიიდან პარტიის წარმომადგენლის გაძევება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შესაბამისი კომისიის წევრთა ორი მესამედის გადაწყვეტილებით;
- ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად გადაისინჯება და აღსრულდება ნორმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ. საჯარო მოსამსახურეებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის სკოლებისა და საბავშვო ბაღების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს/აღმზრდელებს აეკრძალებათ სამუშაო საათებში პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აიკრძალება საჯარო მოსამსახურეებისა და მათთან გათანაბრებული პირების შეკრება სამსახურებრივი ნიშნით;
- კანონით აიკრძალება მოქალაქეთა შეკრება და დაყოვნება საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრის რადიუსში, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე არჩევნების დღეს ამომრჩევლის აღრიცხვა. დადგინდება მკაცრი სანქციები აღნიშნული კანონდარღვევის ჩამდენთა წინააღმდეგ;
მემორანდუმის მიხედვით, საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შესაბამისად განსაზღვრული მოცულობითა და განსაზღვრულ ვადებში, არჩევნებისათვის უნდა დაინერგოს შემდეგი ახალი ტექნოლოგიები:
- დაინერგება ხმის მიცემა ელექტრონული აპარატის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს ამომრჩევლის მიერ შევსებული საარჩევნო ბიულეტენის სკანირებასა და ამოცნობას. უბნებზე ხმის მიცემის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონულად წაკითხვადი ფორმით, რაც შესაძლებელს გახდის უმოკლეს დროში ამ შედეგების (მათ შორის რეგისტრირებული ამომრჩევლების, ბიულეტენების რაოდენობის, ბათილი ბიულეტენების შესახებ მონაცემების) გადამოწმებასა და დეტალურ ანალიზს;
- უზრუნველყოფილი იქნება ამომრჩევლის რეგისტრაცია თითის ანაბეჭდის მეშვეობით;
- საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო უბნების ვიდეოკამერებით აღჭურვა და ყველა საარჩევნო პროცედურის ლაივსტრიმით გადაცემა;
- რამდენადაც ტექნიკურად შესაძლებელი და თავსებადი იქნება ამ მემორანდუმით გათვალისწინებულ სხვა ტექნოლოგიებთან, საარჩევნო ბიულეტენებზე მოხდება შტრიხკოდების (RFID-სტიკერები) განთავსება, რათა გამოირიცხოს საარჩევნო უბნიდან ბიულეტენის გატანა. ბიულეტენის გატანა დაისჯება სისხლის სამართლის წესით;
რაც შეეხება ხმის მიცემისა და საარჩევნო უბნების საკითხს, დოკუმენტში წერია:
- ხმის მიცემა შესაძლებელი გახდება მხოლოდ ახალი ID-ბარათის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის გამოყენებით. მოქალაქეთათვის, რომლებიც არ ფლობენ ახალ ID-ბარათს, იგი უფასოდ გაიცემა;
- აიკრძალება და სისხლის სამართლის წესით დაისჯება საარჩევნო ბიულეტენის ფოტო და ვიდეოგადაღება;
- კანონმდებლობაში გაიწერება გარანტიები, რათა ნებისმიერი უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო უბნების სულ მცირე 10 პროცენტის გადათვლა;
- განიხილება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაფართოების მექანიზმები;
- ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, გადაისინჯება საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ნორმები, რათა უზრუნველყოფილი იყოს დავების დროული, გამჭვირვალე და ჯეროვანი გადაწყვეტა. ცესკოსთან შეიქმნება სპეციალური კომისია დამოუკიდებელი ექსპერტების, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა შემადგენლობით, რომელიც დააკვირდება დავების განხილვის პროცესს და რეკომენდაციებს წარუდგენს ცესკოს.
მემორანდუმში წერია ისიც, რომ ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად საარჩევნო რეფორმის განსახორციელებლად, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი საპარლამენტო პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. მათივე თქმით, ჯგუფის მუშაობას წარმართავს ორი თანათავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან.
პარტიები ხელს აწერენ იმას, რომ შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს წარედგინება არა უგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა, ხოლო კანონპროექტები პარლამენტის მიერ მიიღება 2021 წლის 1 მაისამდე. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თუ ასე არ მოხდება, პარლამენტიდან ისევე გამოვა, როგორც შევიდა.
და ბოლოს, დოკუმენტი სრულდება იმით, რომ პარტიები თანხმდებიან საპარლამენტო პროცესში "აქტიურ მონაწილეობაზე".
"ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები საჯაროდ აცხადებენ, რომ აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო მუშაობაში, უზრუნველყოფენ და ხელს შეუწყობენ პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებასა და მიღებას", — წერია მემორანდუმში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ოცნების" ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეს დოკუმენტი ღიაა და ყველა ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას შეუძლია ხელის მოწერა.
"დოკუმენტი, რომელზეც ხელი მოეწერა დღეს 2 პარტიის მხრიდან არის ღია ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის, რომელმაც გადალახა საარჩევნო ბარიერი და დღეს მათი წარმომადგენლები ირიცხებიან საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში, ისინი არიან დეპუტატები, ვიდრე მათ შეუწყდებათ უფლებამოსილება და მათ აქვთ საშუალება, რომ შემოუერთდნენ ამ დოკუმენტს", — განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება კითხვებს იმაზე, რატომ დათანხმდნენ პარლამენტში შესვლას მხოლოდ ამ მემორანდუმის საფუძველზე, როცა ამბობდნენ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ამას არ გააკეთებდნენ, ელისაშვილი ასე პასუხობს:
"სამი საკითხი თითქმის ბოლომდე წამოვიღეთ და საარჩევნო საკითხები წამოვიღეთ, ამაზე ვმუშაობთ უკვე რამდენი ხანია. ორმა დეპუტატმა, ორმა კაცმა რაც შევძელით, მაქსიმუმი გამოვგლიჯეთ ქართულ ოცნებას და დანარჩენი ოპოზიცია, 54 დეპუტატი არის გარეთ დარჩენილი, ისინიც შემოვიდნენ, დაელაპარაკონ, იმათაც იმუშაონ და დავასრულოთ".
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
-
გადახედვამეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა მეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან ზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან
-
გადახედვაბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება ბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება
-
გადახედვაწუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს წუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაგახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს გახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს
-
გადახედვაჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ ჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ
-
-
გადახედვა15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია
-
გადახედვაუჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი უჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება ბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება
-
გადახედვა"ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი "ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი
-
გადახედვა"გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი "გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი
-
გადახედვადემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6% ირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6%
-
გადახედვამშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის მშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის
-
გადახედვაუჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა
-
გადახედვაყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
-
გადახედვაათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით
კომენტარები