საქართველოს მთავარი პროკურატურაში ადასტურებენ TV პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შაქარაშვილის საქმეზე დახმარებისთვის ამერიკულ მხარეს მიმართეს. როგორც უწყებაში On.ge-ს განუმარტეს, საუბარია სოციალური ქსელებიდან შესაძლო წაშლილ პოსტებსა თუ მიმოწერაზე.

პროკურატურაში ამბობენ იმასაც, რომ მიმართეს ამერიკულ სამართალდამცავ უწყებებს და არა უშუალოდ Facebook-სა და Instagram-ს.

მათივე ცნობით, აშშ-ს მიმართვა 16 ივლისს გაეგზავნა.

TV პირველის ინფორმაციით, პროკურატურამ ამერიკულ მხარეს გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულებისა და მოწმეების ანგარიშების შემოწმება სთხოვა.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 18 ივლისს, შსს-ში გამოკითხეს საქმის მოწმეები, რომლებმაც შემდგომ მედიასთან თქვეს, რომ სამართალდამცავებმა მათი მიმოწერები შეამოწმეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმე

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.

4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.

სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი, გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დასკვნის მიხედვით, გარდაცვალებამდე მას მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.