Instagram-ს ახალი ფუნქციები ემატება — რა იცვლება და რაში დაგვეხმარება ეს
ინსტაგრამი პოსტების, კომენტარებისა და სხვა აქტივობის წაშლას კიდევ უფრო ამარტივებს. აპლიკაციას მართვის ღილაკები ემატება, რომლებიც მომხმარებელს კომენტარებისა და პოსტების ერთიანად წაშლის, ასევე წარსული ინტერაქციებისა და ძიების ისტორიის მიმოხილვის საშუალებას მისცემს.
ფუნქციები მომხმარებლის პროფილის ახალ სექციაში "your activity" — "თქვენი აქტივობა" იქნება ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ წარსული მოწონებების, კომენტარებისა და პოსტების წაშლა ინსტაგრამზე აქამდეც შეიძლებოდა, თუმცა ამისათვის ერთადერთი გზა (მთლიანად ანგარიშის გაუქმების გარდა) სასურველი აქტივობების სათითაოდ მონახვა და მოშორება იყო. ინსტაგრამზე დაყრდნობით, ცვლილების მიზანია, წარსული აქტივობების გადასინჯვა და წაშლა გაგიმარტივოთ.
ახლა უკვე "your activity" სექციაში თქვენი წარსული პოსტების, ასევე სხვა მომხმარებელთა გვერდებზე თქვენივე მოწონებებისა და კომენტარების, სანახავად სწრაფი ბმულები დაგხვდებათ. ანალოგიური გზითვე შეგეძლებათ აპლიკაციაზე დახარჯული დროის, ძიების ისტორიის, ბმულზე დაჭერისა და ანგარიშის კუთხით არსებული აქტივობის (მაგალითად, სამომხმარებლო სახელის ცვლილების) ხილვა.
ინსტაგრამმა ცვლილებები პირველად დეკემბერში მიმოიხილა და აღნიშნა, რომ შეიძლებოდა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თინეიჯერებისათვის აღმოჩენილიყო — იმის უკეთ გასააზრებლად, თუ რა ინფორმაციას აზიარებენ პლატფორმაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში კომპანიას ახალგაზრდების უსაფრთხოებისათვის მეტი ყურადღების დათმობა მოუწია, აღნიშნული ცვლილებები კი შესაძლოა, სწორედ ამის გამოძახილად მივიჩნიოთ.
კომენტარები