BMW-ს ახალი ელექტრო სედანი, i4 სრული დატენვით 480 კილომეტრს გაივლის
BMW გეგმავს, რომ 2025 წლისათვის, თავის ხაზში, 25 სრულად ელექტრო ავტომობილი ყავდეს და ამ მხრივ, რამდენიმე ნაბიჯს წელს გადადგავს. წლის ბოლომდე ორ ახალ ელექტრომობილს ვიხილათ, უნივერსალ iX-სა და i4 სედანს.
დღეს, გერმანულმა ავტომწარმოებელმა, i4-ის შესახებ, რამდენიმე ახალი დეტალი გაგვანდო და ამასთანავე მისი ექსტერიერიც უკეთ გვანახა.
i4-ს ელექტრო ძრავი 530 ცხენისძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100 კილომეტრ-საათამდე ასაჩქარებლად 4 წამი სჭირდება.
BMW გვპირდება, რომ i4 ერთი სრული დატენვით 480 კილომეტრის გავლას შეძლებს, ეს კი სრულად საკმარისია იმისათვის, რომ თბილისიდან ბათუმამდე ერთი დატენვით ჩავიდეთ და 100 კილომეტრის გასავლელი ელემენტი კიდევ დაგვრჩება. ამავე მანძილის გავლას შეძლებს BMW-ს მომავალი უნივერსალიც.
ტესლასთან შედარებით ეს მანძილი შეიძლება გეცოტავოთ, თუმცა BMW-ს მიერ შემოთავაზებული რიცხვები მაინც აღემატება Audi e-tron GT-სა და Porsche Taycan-ის შესაძლებლობებს.
"სპორტული დიზაინით, ინდუსტრიაში საუკეთესო მართვადობითა და ნულოვანი გამონაბოლქვით, i4 ნამდვილი ბავარიელია. მისი დამსახურებით BMW-ს გული ელექტრონულად ცემს" — განაცხადა BMW-ს ბორდის წევრმა, პიტერ ნოტამ.
ჯერ უცნობია თუ რა ეღირება BMW-ს ახალი სედანი. მისი გამოსვლა წლის ბოლოსათვისაა დაგეგმილი, შესაბამისად დამატებით ინფორმაციას ზაფხულისათვის უნდა ველოდოთ.
კომენტარები