21-ე საუკუნე ცვლილებების საუკუნეა. ინდუსტრიები თანამედროვე ცხოვრებისთვის ცდილობენ ფეხის აწყობას, ან თვითონ ხდებიან ხოლმე ახალი ტენდენციების გამომწვევები. ინერგება ახალი მეთოდები, რომლებიც როგორც ჩვენს ყოველდღიურობას, ასევე კომპანიების სამუშაო პროცესს ცვლის. ახალი მიდგომების წყალობით კი სამუშაო პროცესი მეტად საინტერესო და ნაკლებად დამღლელი ხდება. ასეთი მაგალითი არაერთია. ზოგიერთი კორპორაცია ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადადის და ასე ცდილობს თავისი თანამშრომლების შრომისუნარიანობის ამაღლებას. ზოგი უბრალოდ ყოველდღიური სამუშაო პროცესის ცვლილებას ცდილობს და სტანდარტულ მიდგომებს ეჯაილით ანაცვლებს.

ეს უკანასკნელი მეტად საინტერესოა. ეჯაილ მიდგომების ათვისება ქართულმა კომპანიებმაც დაიწყეს. დღეს ამ სტატიით შევეცდებით აგიხსნათ, თუ რა არის ეჯაილი და უნდა გაგიხარდეთ თუ არა, თუკი ერთ დღეს სამსახურში მისულს გეტყვიან, რომ თქვენს პოზიციაზე აღარ მუშაობთ და რომელიმე ეჯაილ გუნდს უნდა შეუერთდეთ.

რა არის ეჯაილ ტრანსფორმაცია და რა მიზნით მიმართავენ მას კომპანიები

ფოტო: dRIBBBVL

ეჯაილ ტრანსფორმაცია არის მასშტაბური ორგანიზაციული პროცესი, რომელიც ეხმარება თანამშრომლებს სამუშაოს მიმართ დამოკიდებულების ცვლილებაში.

უკეთესად რომ გავიგოთ — ეჯაილ ტრანსფორმაცია ცვლის თითოეული თანამშრომლის მიდგომას კონკრეტული საქმისადმი. მათ აღარ უწევთ რვა საათის განმავლობაში მარტო ისხდნენ კომპიუტერებთან და დავალებები რუტინულად ასრულონ.

"ბევრის აზრით, ეჯაილ ტრანსფორმაცია არის მხოლოდ მექანიკური ცვლილება, რომელიც სტრუქტურის, კომუნიკაციის ენის და შეხვედრების ფორმატის ცვლილებით შემოიფარგლება. სამწუხაროდ, ეს საკმაოდ გავრცელებული სტერეოტიპია, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში, მივყავართ მცდარ დასკვნამდე", — ამბობს საქართველოს ბანკის წარმომადგენელი გიორგი გულუა, რომელიც ეჯაილ სისტემაში მუშაობის გამოცდილებასა და საინტერესო აქცენტებს გვიზიარებს.

ეჯაილ ტრანსფორმაცია არ არის სწრაფი პროცესი. მას სჭირდება დიდი რესურსი და მოტივაცია, როგორც კომპანიის და ასევე ინდივიდუალურად, თანამშრომლების მხრიდან.

"ეჯაილ ტრანსფორმაცია გულისხმობს კომპანიში ეჯაილ ღირებულებებისა და მიდგომების გაზიარებას, რასაც, საბოლოო ჯამში, მაღალეფექტიანი და საერთო მიზანზე ორიენტირებული გუნდების ჩამოყალიბებამდე მივყავართ", — ამბობენ საქართველოს ბანკში.

რას ცვლის ეჯაილ ტრანსფორმაცია კომპანიაში და რა შეცვალა მან საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკის მაგალითზე, პირველი, რასაც ეჯაილ ტრანსფორმაცია ცვლის არის პროდუქტისა და ზოგადად, ნებისმიერი ახალი ინიციატივის ბაზარზე გაშვებისთვის საჭირო დრო (Time to Market). ანუ ის დრო, რაც გარკვეულ პროდუქტს მომხმარებლამდე მისაღწევად სჭირდება. მეორე მიმართულება, რაშიც ეჯაილ ტრანსფორმაციის სიკეთეები მალევე იგრძნობა, ცვლილებებზე რეაგირებას ეხება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ სისტემაში გადაწყობილ თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა სწრაფი რეაგირება ჰქონდეთ ნებისმიერი ცვლილების მიმართ, ღია იყვნენ გამოცდილებისთვის და ადაპტირდნენ ნებისმიერ მოცემულობაში.

"ამ ორივე ფაქტორს საკმაოდ აუმჯობესებს ეჯაილ მიდგომები და შესაბამისად, კომპანიას უფრო კონკურენტუნარიანს ხდის ბაზარზე. აქვეა მიზეზებიც, როგორიცაა პროდუქტის ხარისხი, თანამშრომლების ჩართულობის, კმაყოფილებისა და პროდუქტიულობის ზრდა, ხარჯების შემცირება და სხვა, თუმცა, ჩემი აზრით, ეს მიზნის მიღწევის საშუალებაა და არა ძირითადი ამოცანა", — ამბობს გიორგი გულუა.

პირველ რიგში ეჯაილ ტრანსფორმაცია ცვლის თანამშრომლების მიდგომას სამუშაოს, კოლეგების და კომპანიის მიმართ. ეჯაილ სამუშაო გარემო არის უფრო მეტად გამჭვირვალე, მიზანზე ორიენტირებული და ნაკლებად ბიუროკრატიული.

"იქმნება გუნდები, რომლებსაც საერთო ღირებულებები და ამოცანები აქვთ. კომპანია უფრო მეტად ხდება ფოკუსირებული გუნდების განვითარებაზე და არა ინდივიდუალურ სუპერგმირებზე".

ეჯაილის მასშტაბირება საკმაოდ რთული გამოწვევაა, ამასთან ერთად კი ძალიან საინტერესო პროცესი, რომლისგანაც დიდი გამოცდილების მიღებაა შესაძლებელი.

"მიუხედავად იმისა, რომ ასეულობით ადამიანის სამუშაო პროცესისა და სტრუქტურის ცვლილებაც არ არის მარტივი საქმე, საქართველოს ბანკში ეჯაილ ტრანსფორმაცის პროცესი წარმატებით განხორციელდა, რაც იმ ადამიანთა დამსახურებაა, რომლებიც მასში მონაწილეობდნენ. ჩემი აზრით ყველაზე დიდი შედეგი, რაც ამ პროცესმა გამოიწვია, არის თანამშრომლების ჩართულობის ზრდა", — ამბობს გიორგი გულუა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეჯაილ ტრანსფორმაცია არ არის ერთჯერადი პროცესი, ის სულ მიმდინარეობს, რადგან გაუმჯობესების საჭიროება ყოველთვის არსებობს.

რა როლი უჭირავს ეჯაილ ტრანსფორმაციაში ტექნოლოგიებს და რა მომავალი აქვს ამ მეთოდს

მიმდინარე პანდემიის პირობებში, როდესაც თანამშრომლებს დისტანციურად უწევთ მუშაობა, ტექნოლოგიების როლი ძალიან იზრდება.

"ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლებოდა რამდენიმე ასეული ადამიანის ერთობლივი, ეფექტური მუშაობა იმ ეჯაილ ინსტრუმენტების გარეშე, რომლებიც დაინერგა საქართველოს ბანკში", — ამბობს გიორგი გულუა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ნელ-ნელა პოპულარული ხდება ეჯაილ სისტემები, რაც ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა, აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ ამ მიდგომის დანერგვას შესაბამისი ცოდნა სჭირდება.

"უნდა აღინიშნოს, რომ ეჯაილ მიდგომების არასწორად იმპლემენტაციას შესაძლოა, კომპანიისათვის არც თუ ისე სახარბიელო შედეგი მოყვეს. ასე რომ, პროფესიონალი და გამოცდილი კონსულტანტების არსებობა აუცილებელია", — გვიყვებიან საქართველოს ბანკში.

თანამედროვე მსოფლიოში თითქმის აღარ დარჩა ისეთი წარმატებული კომპანია, რომელიც ძველმოდურ, command&control სტილით მუშაობს. 21-ე საუკუნეში უფრო მეტი ყურადღება ექცევა თანამშრომელს, მის მოტივაციას, ჩართულობას და კრეატიულობას. ლიდერი-მსახურის პრინციპებით მომუშავე კომპანიები უფრო სწრაფად აღწევენ წარმატებას და რაც მთავარია, უფრო სტაბილურები არიან. ეჯაილ მიდგომები სწორედ ამ პრინციპებზეა დაფუძნებული და თუ წარმატების მიღწევა გვინდა თანამედროვე რეალობაში, მათი უგულვებელყოფა შეუძლებელია.