Ford-ის ავტომობილები, 2023 წლიდან, Android Auto-ს მიიღებენ
Google-მა და Ford-მა, სულ ახლახან, პარტნიორობის გეგმა წარადგინეს. Google Cloud-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტომას კურიანის თქმით, ეს იქნება გადატრიალება, როგორც ფორდისთვის, ასევე ზოგადად ავტო ინდუსტრიისათვის.
"ჩვენ გვჯერა, რომ გუგლისა და ფორდის თანამშრომლობით შევქმნით მრავალ ინოვაციას, დავაჩქარებთ ბიზნესის მოდერნიზაციას და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მომხმარებელთა მოლოდინებს გადააჭარბებს", — აცხადებს ფორდის ვიცე-პრეზიდენტი, დევიდ მაკლელანდი.
ექვსწლიანი ხელშეკრულების მიხედვით, გუგლი ფორდისათვის ღრუბლოვანი სისტემების მთავარი მიმწოდებელი ხდება და 2023 წლისთვის მილიონობით ფორდი და ლინკოლნი აღიჭურვება Android Auto-ს ფუნქციონალით. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფორდი Apple CarPlay-სა და Amazon Alexa-ს დაბლოკავს.
კომპანიები გეგმავენ შექმნან საერთო სამუშაო ჯგუფი, რომელსაც Team Upshift ერქმევა და მათი ძირითადი დავალება იქნება შექმნან ახალი, ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც გააფართოებენ მოდერნიზაციის საზღვრებს. მაკლელანდის თქმით, მათ სურთ, რომ კლიენტებს შესთავაზონ ვაჭრობის ინოვაციური მეთოდები.
Google Cloud-ის CEO-ს — ტომას კურიანის თქმით, სამუშაო არეალი ძალიან დიდია, მათ შეუძლიათ გააფართოვონ პროდუქციის წარმოება, გააუმჯობესონ მიწოდების სისტემები, დააჩქარონ დასაქმებულთა გადამზადების პროცესი, AI-ის დახმარებით.
"ჩვენ ვმუშაობთ ახალ ბიზნესმოდელზე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, რეალურ დროში შეძლონ პრობლემების აღმოფხვრა ან თუნდაც მიიღონ გაფრთხილება, მანამ სანამ შენაძენს გააკეთებენ", — ამბობს Google Cloud-ის CEO, ტომას კურიანი.
Team Upshift სხვა დეველოპერებთანაც აპირებს მუშაობას, საერთო ძალებით, ავტომობილების ეკოსისტემა უფრო სწრაფად და ეფექტიანად განვითარდება. მაკლელანდის თქმით, მათ აქვთ მექანიზმი, რომელიც მანქანებიდან ინფორმაციის მიღების საშუალებასაც იძლევა. ეს ხელს შეუწყობს დიაგნოსტირების პროცესს და მფლობელს უმალ შეატყობინებს, თუკი მანქანაში რაიმე ხარვეზსს აღმოაჩენს. მაკლელანდი აქვე დასძენს, რომ ამ გზით პერსონალური ინფორმაციის შეგროვება არ მოხდება, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანია.
კომენტარები