ჩინეთმა ხებეის პროვინციაში 400 ათასი ადამიანი კარანტინში მოაქცია
ჩინეთმა პეკინის სიახლოვეს კორონავირუსის შემთხვევათა მომატების საპასუხოდ 400 ათასი მოსახლისთვის მკაცრი საკარანტინო წესები შემოიღო. შეზღუდვები ხებეის პროვინციის ანსინის ოლქში დაწესდა.
მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს ჩინეთში პანდემია დაიწყო, ქვეყანა ინფიცირების შემთხვევათა კონტროლს გამუდმებით ახერხებდა. ახლა კი, მეორე ტალღის თავიდან ასაცილებლად, მთავრობა პატარა აფეთქებებსაც მკაცრად ეკიდება.
რა ხდება ამჟამად ხებეიში
კვირას ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ანსინი "სრულად ჩაიკეტება და გაკონტროლდება".
ამჟამად სახლების დატოვების უფლება მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროებში დასაქმებულებს აქვთ. ამასთან, თითოეული ოჯახის ერთ წევრს შეუძლია, დღეში ერთხელ საჭირო ნივთების საყიდლად გავიდეს გარეთ. სამართალდამცავმა ორგანოებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ წესების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პოლიციის მხრიდან დაისჯებიან.
ანსინი პეკინიდან სამხრეთით, დაახლოებით 150 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ჩინეთის მედიის მიხედვით, პეკინში ორი კვირის წინ აღნიშნული მცირე ეპიდემიური აფეთქებიდან მოყოლებული ოლქში ინფიცირების 18 შემთხვევა დაფიქსირდა.
რეგიონი ჩინეთის დიდ ურბანულ ცენტრებთან შედარებით ნაკლებად მჭიდროდაა დასახლებული და ჯანდაცვის ადგილობრივი მესვეურები იმედოვნებენ, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერებას შეძლებენ.
რა ხდება ამჟამად პეკინში
მართალია, ჩინეთი უკვე თვეებია, ეფექტიანად უმკლავდება პანდემიას, თუმცა პეკინში ინფიცირების ახლახან მომატებული შემთხვევების გამო მეორე ტალღის დაწყებაზე შიშობენ.
გასული 24 საათის განმავლობაში დედაქალაქში 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შემდეგაც ივნისის შუა რიცხვებში ბაზრიდან დაწყებული ეპიდაფეთქების შედეგად დაავადებულთა რიცხვმა მთლიანობაში 311-ს მიაღწია.
ჩინეთმა დაუყოვნებლივ დაიწყო ზომების მიღება: პეკინში რამდენიმე უბანი კარანტინში მოექცა, მოგზაურობა შეიზღუდა და ტესტირებები ახალი ძალით განახლდა.
ამ უკანასკნელ აფეთქებამდე პეკინში 57 დღის განმავლობაში ვირუსის შიდა გადაცემა ერთხელაც არ დაფიქსირებულა.
რა სიტუაციაა ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე
ზოგადად, გასული თვეების განმავლობაში ჩინეთი "მრუდის გასწორებას" წარმატებით ახერხებდა.
მას შემდეგ, რაც მარტში აღრიცხულმა შემთხვევათა რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა, საერთო მონაცემს დღემდე მხოლოდ 4,700 ინფიცირებული დაემატა.
ივნისის შუა რიცხვებიდან ინფიცირების ახალი შემთხვევები, ძირითადად, პეკინში იყო კონცენტრირებული და გავრცელება მხოლოდ მეზობელ ხებეის პროვინციაში აღინიშნა.
ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები ფიქსირდება და მათგან უმრავლესობა საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებზე მოდის.
კომენტარები