კოსმოსური ორცხობილები — საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ღუმელი გაგზავნეს
2 ნოემბერს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სპეციალური ღუმელი და შოკოლადის ორცხობილების ცხობისთვის საჭირო ინგრედიენტები გაგზავნეს.
ორბიტაზე ასტრონავტები გამოცდიან, თუ რა გავლენას ახდენს ორცხობილებზე უწონადობა. ეს კოსმოსში ცხობის პირველი შემთხვევა იქნება.
ორცხობილის ცომი Hilton-ის სასტუმროების ქსელმა, DoubleTree-მ მოამზადა. მათი თქმით, მათი მიზანია, რომ კოსმოსში გრძელვადიანი მოგზაურობა უფრო კომფორტული გახდეს.
კაფსულა Cygnus-ში ღუმელის გარდა სხვა უცნაური ტვირთიც იყო მოთავსებული, კერძოდ, სპორტული მანქანის ნაწილები და რადიაციისგან დამცავი პერანგი, რომლის კომფორტულობასაც ასტრონავტები გამოცდიან. რაც შეეხება სპორტული მანქანის ნაწილებს, Lamborghini-მ სადგურზე ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული ნიმუშები გაგზავნა, მიზანი იმის დადგენაა, რა გავლენას მოახდენს ნაწილებზე კოსმოსის მკაცრი პირობები.
გარდა ამ ყველაფრისა კაფსულაში ორბიტაზე მიმდინარე ექსპერიმენტებისთვის საჭირო მასალები და ეკიპაჟის წევრებისთვის განკუთვნილი გზავნილებია.
კაფსულა საერთაშორისო სადგურს დღეს შეუერთდა.
კომენტარები