საფრანგეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა — 44,3°C დაფიქსირდა
პარასკევ საფრანგეთის მეტეოროლოგიურ ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 44,3 ცელსიუსი დაფიქსირდა. ტემპერატურის წინა რეკორდი საფრანგეთში 2003 წელს დაფიქსირდა და ის 44,1 ცელსიუსს წარმოადგენდა.
განსაკუთრებულად ცხელი პერიოდის გამო ქვეყანაში ასობით სკოლა დაიკეტა. გამოცდების ნაწილი კი მომდევნო კვირისთვის გადაიდო. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურები მთელი ევროპის მასშტაბით ფიქსირდება. პარასკევს ესპანეთში სითბური დარტყმის შედეგად 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
ესპანეთის მეტეოროლოგიურმა ოფისმა კი კატალონიის გარკვეულ რეგიონებში საგანგაშო მდგომარეობა გამოაცხადა. პარალელურად, ასობით მეხანძრე კატალონიაში ტყის ხანძარს ებრძვის, რომელმაც უკვე 6 500 ჰექტარი გაანადგურა.
საფრანგეთის სანაპიროებზე არსებულ ქალაქებში პარასკევს მუზეუმებში შესასვლელი გადასახადი გაუქმდა, რათა ადგილობრივებს კონდიცირებულ შენობებში დასვენების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ასევე შემცირდა გადასახადები აუზებზე. საფრანგეთში დაფიქსირდა ელექტროენერგიის მოხმარების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელიც, რაც კონდიციონერებისა და ვინტილატორების მასიურად გამოყენებამ გამოიწვია.
პარიზში, ლიონში, მარსელში და სტრასბურგში კი საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ექსტრემალური ამინდი გლობალური დათბობის შედეგად უფრო და უფრო ხშირი გახდება.
კომენტარები