ჩინელმა მეცნიერებმა მაიმუნებს ადამიანის ტვინის გენი გადაუნერგეს
ჩინელმა მეცნიერებმა მაკაკებს (Macaca mulatta) ადამიანის ტვინის გენი, MC HP 1, იგივე მიკროცეფალინი გადაუნერგეს, რომელიც ტვინის ემბრიონულ განვითარებაში იღებს მონაწილეობას.
გენის დამატებამ, როგორც ჩანს, მაიმუნები უფრო "დააჭკვიანა". ტრანსგენული მაიმუნების ტვინი უფრო დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა, მათ ასევე გამოავლინეს გაუმჯობესებული მეხსიერება და რეაქციის დრო.
"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანის კოგნიტური უნრების ევოლუციის შესწავლა ტრანსგენური მაიმუნით ვცადეთ", - აცხადებს კუნმინის ზოოლოგიის ინსტიტუტის გენეტიკოსი ბინგ სუ.
ეს ტრანსგენური ორგანიზმის შექმნის პირველი მცდელობა არ არის. პირველი ასეთი ორგანიზმი 1974 წელს შეიქმნა, როდესაც ბაქტერია Staphylococcus aureus-ის გენები ეშერიხია კოლში გადანერგეს. ხოლო პირველი ტრანსგენული მაიმუნი 2001 წელს დაიბადა, მას მეცნიერებმა მედუზის გენები გადაუნერგეს.
ადამიანის გენები სხვადასხვა დაავადებისა და სინდრომების შესასწავლად მაიმუნებში ამ დრომდეც გადაუნერგავთ, შექმნილა ტრანსგენული თაგვებიც, რომლებსაც ადამიანის კოგნიტური უნარების განმსაზღვრელი გენები ჰქონდათ გადანერგილი.
მეცნიერების ნაწილი აცხადებს, რომ მსგავსი ექსპერიმენტის ეთიკურობა საკამათოა.
მეცნიერებმა მაიმუნების ემბრიონები ადამიანის მიკროცეფალინის შემცველი ვირუსით დააინფიცირეს, რის შედეგადაც 11 ტრანსგენული მაიმუნი მიიღეს, რომელთაგანაც მხოლოდ ხუთი გადარჩა.
"ჩვენი შედეგები მიუთითებს, რომ ტრანსგენული პრიმატებით (გარდა ადამიანებისა და ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა) შესაძლოა უნიკალური და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ, რომელიც ადამიანის კოგნიტური უნარების ახსნასა და სხვადასხვა დაავადების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება", - აცხადებენს მეცნიერები სტატიაში.
თუმცა, ამ მოსაზრებას ყველა არ აზიარებს. 2010 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ კვლევაში ნათქვამია, რომ ადამიანის მსგავსი მაიმუნების ადამიანის ტვინის გენებით მოდიფიცირება არაეთიკურია, რადგან ეს ცხოველებისათვის შესაძლოა დიდი ზიანის მომტანი იყოს.
"ტრანსგენული მაიმუნებით ადამიანის ტვინის ევოლუციის შესწავლა სარისკო გადაწყვეტილებაა", - აცხადებს კოლორადოს უნივერსიტეტის გენეტიკოსი და 2010 წელს გამოქვეყნებული სტატიის თანაავტორი ჯეიმს სიკელა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ უკანასკნელი კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი ამერიკელი მეცნიერი, მარტინ სტინერი აცხადებს, რომ ეს კვლევა უფრო მკაცრი რეგულაციების მქონე ქვეყანაში, მაგალითად აშშ-ში, ვერ ჩატარდებოდა. უფრო მეტიც, ჩინელმა მეცნიერებმა დასავლეთში ვერ იპოვეს ჟურნალი, რომელიც მათ კვლევას გამოაქვეყნებდა.
მიუხედავად ამისა, სუ უკვე ახალი ტრანსგენული მაიმუენბის შექმნაზე მუშაობს.
ეს ეთიკურად საკამათო ექსპერიმენტების ჩატარების პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე თვის წინ ჩინელმა მეცნიერმა ჰი ძიანკუიმ განაცხადა, რომ მან CRISPR-ის გამოყენებთ ბავშვების გენები შეცვალა.
მარტინ სტინერის თქმით, ის აღნიშნული კვლევიდან საკუთარი სახელის ამოშლაზეც ფიქრობს.
"ჩვენ ახლა შევქმენით ცხოველი, რომელიც ისეთი არ არის, როგორიც ის უნდა ბუნებრივად უნდა ყოფილიყო. როდესაც ჩვენ ექსპერიმენტებს ვატარებთ, ჩვენ უნდა გვქონდეს ცალსახა წარმოდგენა იმაზე, თუ რას ვსწავლობთ და როგორ წაადგება ეს საზოგადოებას. ამ ექსპერიმენტში კი ეს საკითხი ბუნდოვანია. ჩინელი მეცნიერები ტვინის განვითარების შესწავლას ცდილობენ, თუმცა არ მგონია, რომ მათ ეს გამოსდიოდეთ", - აცხადებს ის.
კვლევა ჟურნალ National Science Review-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები