10 საინტერესო გაჯეტი წლის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კონფერენციიდან - CES 2019
სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა (CES) ყოველწლიური ტექნოლოგიური კონფერენციაა, რომლის ფარგლებშიც ამ სფეროში მოღვაწე კომპანიები საზოგადოებას ტექნოლოგიისა და მეცნიერების სიახლეებსა და ინოვაციურ პროდუქტებს აცნობენ.
წარმოგიდგენთ იმ რჩეულ მოწყობილობებსა და გაჯეტებს, რომელთა წარდგენაც CES 2019-ზე მოხდა.
1. Elvie Pump
ეს არის მკერდის პირველი ჩუმი, ჭკვიანი ტუმბო. მას ლამაზი და გონივრული დიზაინი აქვს. ტუმბოს მოჰყვება რამდენიმე ზომის გადამყვანიც, რომელიც სხვადასხვა ზომისა და ფორმის მკერდს მოერგება. მოწყობილობას აქვს გამჭვირვალე რეზერვუარიც, რომელშიც რძე დაგროვდება. ისევე როგორც ყველა თანამედროვე მოწყობილობას, მას, რა თქმა უნდა, მობილური აპლიკაციაც მოჰყვება, რომლის მეშვეობითაც საჭირო ინფორმაციას დააგროვებთ.
2. Eargo Neo
ეს Eargo-ს მესამე თაობის ყურის სასმენი აპარატია, რომელიც მის წინამორბედებზე ბევრად უფრო კომფორტულია. ყურში გაკეთებისას ის პრაქტიკულად შეუმჩნეველია. ახალი ფორმა კი საკუთარი ხმის გაძლიერების შემთხვევებს მინიმუმამდე ამცირებს. სხვადასხვა გარემოში მოხვედრისას კი აპარატზე ორჯერ დაწკაპუნებით გარემოს შესაბამისი პარამეტრების არჩევა შეგიძლიათ. ყველაზე კარგი ისაა, რომ აპარატი კონკურენტებთან შედარებით ბევრად უფრო ხელმისაწვდომია. მისი ფასი $2550-ია, რაც სხვა მოწყობილობებთან შედარებით ორჯერ უფრო ნაკლებია.
3. Dogness JS04
რა თვისებები უნდა ჰქონდეს CES-ზე წარმოდგენილ თანამედროვე გაჯეტს? ის უნდა იყოს პრაქტიკული, კრეატიული და ახალი. ამ პუნქტებს კი აღნიშნული მოწყობილობა იდეალურად აკმაყოფილებს. ეს ძაღლის ჭკვიანი სადავეა. მასზე უსადენო დინამიკი, ფანარი და განავლის კონტეინერი მაგრდება. ეს ყველაფერი შეიძლება ერთი შეხედვით სულელურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს სადავე მართლა ძალიან კომფორტული და პრაქტიკულია. მისი წყალობით ძაღლის გასეირნება უფრო ნაკლებად დაგეზარებათ.
4. NordicTrack VR
ეს ვირტუალურ რეალობასთან გაერთიანებული ველოსიპედია. თუ გარეთ ველოსიპედით გასვლა და სეირნობა გეზარებათ, ახლა ამ საქმისთვის თქვენი ოთახის დატოვება აღარ მოგიწევთ. ეს სტაციონარული ველოსიპედია, რომელსაც ვირტუალური რეალობის სათვალეები მოჰყვება. ვარჯიშისას კი პარალელურად თამაში მოგიწევთ, იქნება ეს პედლებიანი თვითმფრინავის მართვა, თუ პატარა საყვარელი კნუტის გადარჩენა - თუ საკმარისად არ ივარჯიშებთ, კნუტს ბოროტი მგელი შეჭამს!
5. Butterfly Ultrasound
კომპანია Butterfly Network-მა 2017 წელს ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის (ექოსკოპია) პირადი მოწყობილობა შექმნა, რომლის გამოყენებაც ყველა ადამიანს შეეძლო. ახლა კი მათ CES-ზე ხელოვნური ინტელექტის მქონე აპლიკაცია წარადგინეს, რომელიც კომპანიის მიერ გამოშვებული ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატის გამოყენებასა და მის პოზიციონირებას გასწავლით. აპლიკაცია დაგეხმარებათ, რომ აპარატით საკუთარი გული შეისწავლოთ. ის ასევე ავტომატურად გამოითვლის, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს თქვენი გული.
6. Mui
Mui ერთი შეხედვით ხის უბრალო პანელს ჰგავს, თუმცა როდესაც მას მიუახლოვდებით და შეეხებით, აღმოაჩენთ, რომ ეს უბრალო ხის გაფორმება არ არის. Mui ჭკვიანი სახლის მაკონტროლებელი მოწყობილობაა. მისი საშუალებით შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი საყვარელი მუსიკა, აკონტროლოთ სახლის ტემპერატურა და ნახოთ ამინდი. ხოლო თუ მას აღარ შეეხებით, ის კვლავ ჩვეულებრივ ხის პანელად გადაიქცევა. ამ მოწყობილობასთან ურთიერთობა ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე უბრალო ეკრანთან. მისი შეძენა 999 დოლარად შეგეძლებათ.
7. Sennheiser Ambeo
Sennheiser-ის ახალი დინამიკი მუსიკის ენთუზიასტებისთვის არის შექმნილი. Ambeo-ს მიერ გამოცემული ხმა პრაქტიკულად 5-არხიანი (5.1) სისტემების ექვივალენტურია. მოწყობილობა 13 დინამიკისა და მიკროფონისგან შედგება, რომლის საშუალებითაც სისტემა ხმის პარამეტრებს ოთახის მიხედვით ავტომატურად არეგულირებს. ის თავსებადია ისეთ სისტემებთანაც, როგორიც არის Dolby Atmos. მისი ფასი $2500-დან იწყება.
8. HTC Vive Pro
ეს ბაზარზე არსებული ყველაზე მაღალტექნოლოგიური ვირტუალური რეალობის სათვალეა. სისტემა თქვენი თვალების მოძრაობას აკვირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ვირტუალურ რეალობაში სხვადასხვა საგნებთან საურთიერთოდ საკმარისია, რომ უბრალოდ ამ ობიექტებს შეხედოთ. ამ ფუნქციის გამოყენება თამაშებსა და აპლიკაციებში შეიძლება, სადაც თვალებს კონტროლერებად გამოიყენებთ. მოწყობილობა ხელმისაწვდომი გაზაფხულზე გახდება, მისი ფასი კი $1400 იქნება.
9. Owlet
Owlet თხელი და ელასტიური, მაღალტექნოლოგიური ბანდაჟია, რომელიც ორსული ქალებისთვის არის განკუთვნილი. მასში სპეციალური სენსორებია ჩამონტაჟებული, რომელსაც ბავშვის დარტყმის, ძილის პოზიციებისა და შეკუმშვების აღრიცხვა შეუძლია. ეს ის მონაცემებია, რაც ორსულთათვის მნიშვნელოვანია. შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ეს მოწყობილობა დედებსა და ორსულებს უფრო მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემს.
10. Opté
Opté ჭკვიანი მოწყობილობაა, რომელსაც თქვენს კანზე არსებული ლაქების გაქრობა შეუძლია. პროდუქტი სპეციალურ ალგორითმს იყენებს, რომლის საშუალებითაც ის კანზე ლაქებს ძალიან სწრაფად აფიქსირებს, ახალი ბეჭდვის ტექნოლოგიით კი აღმოჩენილ ლაქებს სწრაფადვე ფარავს. ამისათვის საკმარისია, რომ მოწყობილობა სახეზე გადაიტაროთ და თქვენი ლაქებიც სწრაფად გაქრება. სამწუხაროდ, მოწყობილობა ლაქებს სამუდამოდ არ აქრობს და სპეციალური საღებავიც წყლით ადვილად შორდება.
კომენტარები