Harley-Davidson პირველ ელექტრონულ მოტოციკლეტს გამოუშვებს
რამდენიმეწლიანი საუბრის შემდეგ, როგორც იქნა, Harley-Davidson-მა ელექტრონული მოტოციკლეტის, LiveWire-ის გამოსვლის თარიღი და ფასი დააანონსა.
კომპანიამ განაცხადა, რომ მათ შეკვეთების მიღება უკვე დაიწყეს, მოტოციკლეტები კი მზად 2019 წლის შემოდგომაზე იქნება, თუმცა, ახალი ელექტრონული მოტოციკლეტი იაფი არ არის და მისი ფასი $29 799-დან იწყება. ეს ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ბაზარზე ამჟამად არსებული სხვა ელექტრონული მოტოციკლეტები.
კომპანია Zero, რომელსაც "მოტოციკლეტების ტესლად" მოიხსენიებენ ხოლმე, მოდელ Zero S-ს $10 995-ად ყიდის, უფრო მძლავრელემენტიან Zero SR-ს კი $15 495-ად. რა თქმა უნდა, Zero-ს ყიდვისას თქვენს მოტოციკლეტს პრესიჟული ბრენდის ლოგო და 116-წლიანი ისტორია არ ექნება, თუმცა $20 000-ს კი დაზოგავთ.
Harley-Davidson-მა მოტოციკლეტის შესახებ მხოლოდ მცირე რაოდენობის ინფორმაცია გაავრცელა. ჩვენ ვიცით, რომ ის 100 კილომეტრ საათს 3.5 წამში მიაღწევს. რადგანაც მოტოციკლეტი ელექტროძრავზე მუშაობს, მას გადაცემათა კოლოფიც არ აქვს, რაც მოტოციკლეტს ადვილად სამართავს ხდის. კომპანიის თქმით, მოტოციკლეტი ერთი დატენვით 177 კილომეტრის გავლას შეძლებს.
LiveWire-ს სპეციალური სისტემა, H-D Connect მოყვება, რომელიც მოტოციკლეტის სხვადასხვა სისტემების(ელემენტი, ძრავა, სერვისი) შესახებ ინფორმაციას შეაგროვებს და მას თავს მობილურ აპლიკაციაში მოუყრის. კომპანიის თქმით LiveWire პირველი მასიურად წარმოებული ელექტრონული მოტოციკლეტი იქნება.
ელექტრო მოტოციკლეტი უხმო მოტოციკლეტს არ ნიშნავს. კომპანია აცხადებს, რომ მოტოციკლეტს აჩქარებისას უნიკალური, Harley-Davidson-ის სახასიათო ხმა ექნება.
კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, რომ ძველი მომხმარებლები შეინარჩუნოს, თუმცა ამასთან ერთად ისინი ახალი მომხმარებლების მოზიდვასაც ცდილობენ, რომლებიც უფრო მეტად თანამედროვე ტექნოლოგიებით არიან დაინტერესებულნი.
მოტოციკლეტების ინდუსტრია 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ გასაჭირშია, Harley-Davidson-ს კი ეს კრიზისი განსაკუთრებით მძიმედ შეეხო. ამას ისიც ემატება, რომ კომპანიის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რამაც მათ მრავალი დაბრკოლება შეუქმნა.
კომენტარები