Instargam-ზე ახალი ტიპის რეკლამებს ცდიან, რომელთა ნახვაც სავალდებულო იქნება
"თვალიერების გასაგრძელებლად ზოგჯერ შეიძლება რეკლამის ნახვა დაგჭირდეთ".
შესაძლოა, Instagram-ზე რეკლამებისთვის გვერდის ავლა გართულდეს. TechCrunch-ის ცნობით, ფეისბუკისა და ინსტაგრამის მშობელი კომპანია Meta ინსტაგრამის სიახლეების ზოლზე ახალი ტიპის რეკლამებს ტესტავს, რომელთა გამოტოვებაც არ შეგვეძლება. კომპანია სიახლეს "ad break-ს" (სარეკლამო შესვენება) უწოდებს.
რამდენიმე მომხმარებელმა უკვე შენიშნა, რომ სიახლეების ზოლის თვალიერებას მანამ ვერ გააგრძელებთ, სანამ ახალ რეკლამებს არ ნახავთ. როგორც ჩანს, "Ad break" რამდენიმე წამს გრძელდება. რთული სათქმელია, რამდენად შეიცვლება ხანგრძლივობა, თუ ამ ტიპის რეკლამებს Instagram-ზე ოფიციალურად დაამატებენ.
"Ad breaks ინსტაგრამზე რეკლამების ხილვის ახალი გზაა", — წერია აპლიკაციის შიგნით არსებულ შეტყობინებაში — "თვალიერების გასაგრძელებლად ზოგჯერ შეიძლება რეკლამის ნახვა დაგჭირდეთ".
ისეთი რეკლამები, რომელთა გამოტოვებაც არ შეგვიძლია, სხვა პლატფორმებზე უფრო ხშირად გვხვდება, მათ შორის YouTube-ზე. მეორე მხრივ, Instagram-ისთვის ეს ფორმატი ახალია და შედარებით აგრესიული შეიძლება აღმოჩნდეს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის რეკლამებს კომპანია მთავარ ზოლზე ცდის და არა Reels-ებსა ან Stories-ში, სადაც ვიდეოფორმატის რეკლამები უფრო ხშირია.
///
Meta-ს კომენტარი მალევე არ გაუკეთებია, თუმცა TechCrunch-თან საუბრისას დაადასტურა, რომ ახალი სტილის რეკლამებს ნამდვილად ცდიან.
"როცა გამოვცდით და შევისწავლით, გამოვაცხადებთ, რამდენად მოჰყვება ტესტირებას ფორმალური ცვლილებები პროდუქტში", — თქვა Meta-ს წარმომადგენელმა.
კომენტარები