პერუში ინკების იმპერიამდელი მუმიები და არტეფაქტები აღმოაჩინეს
პერუს დედაქალაქ ლიმას ტერიტორიაზე გაზის ახალი მილების დამონტაჟებისას მუშებმა არქეოლოგიური აღმოჩენა გააკეთეს. მათ ინკების იმპერიამდელ 8 მუმიას მიაგნეს, რომლებთან ერთადაც უამრავ არტეფაქტსაც მიაკვლიეს.
საინტერესოა, რომ თითოეული მუმია სამარხში მჯდომარე მდგომარეობაში იყო მოთავსებული, სხეულის გარშემო კი ბამბის ქსოვილი ჰქონდა შემოხვეული. ნაჭრები ლიანებით იყო შეკრული, მცენარით, რომელიც ტროპიკულ ტყეებში ხარობს.
მეცნიერთა განცხადებით, ეს მუმიები ინკების იმპერიამდე არსებულ კულტურას ეკუთვნის, რომელსაც იჩმა ეწოდება. ის ინკებთან XV საუკუნეში გაერთიანდა.
"ლიმას დაკარგული ისტორიის ამ ნაშთებს ბილიკებისა და ქუჩების ქვეშ ვპოულობთ", — ამბობენ სპეციალისტები.
კვლევის მიხედვით, მუმიებიდან 6 ბავშვს ეკუთვნის, 2 კი ზრდასრულისაა. აღმოჩენილია შედარებით ახალი არტეფაქტებიც, როგორიცაა ოპიუმის ყალიონი, ხელით გახვეული სიგარეტები, ფეხსაცმელი, ჩინური ბანქო, 1898 წელს გამოჭრილი პერუული ვერცხლის მონეტა და ესპანურ ენაზე შედგენილი 1875 წლის კონტრაქტი.
"როცა ესპანელები XVI საუკუნეში ჩამოვიდნენ, ამჟამინდელი ლიმას ტერიტორიაზე არსებულ სამ დაბლობზე მცხოვრებ მთელ პოპულაციას მიაგნეს. რაც ჩვენ გვაქვს, ეს ერთგვარი ისტორიული მდინარებაა", — აცხადებენ ავტორები.
ლიმაში მსგავსი აღმოჩენები აქამდეც გაკეთებულა. კერძოდ, ურბანულ რეგიონში 1900-ზე მეტი არქეოლოგიური ნიმუშია ნაპოვნი, მათ შორის მუმიები, თიხის ჭურჭელი და ქსოვილები.
კომენტარები