კომპანია Apple-ის მიერ შექმნილი iPhone-ის ახალი სერია, წინამორბედების მსგავსად, საზოგადოებაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და საკმაოდ ძვირადღირებულიცაა. თუმცა, ეს ფასი ბევრად ჩამოუვარდება ამ სმარტფონების მდიდრული მოდელებისას, რომლებიც ბრენდ Caviar-ის დიზაინერთა ნახელავია.

ეს უკანასკნელი iPhone-ებისა და Apple-ის აქსესუარების კიდევ უფრო "გაკეთილშობილებით" ისედაც ცნობილია, მაგრამ ახალი სერიის ფლაგმანების შემთხვევაში, იქ მომუშავე სპეციალისტებმა თავიანთ თავებს აჯობეს და ნამდვილი შედევრები შექმნეს.

ფოტო: Caviar

როგორც ხედავთ, სმარტფონების უკანა პანელზე, არც მეტი, არც ნაკლები, ყველასთვის საყვარელი Rolex Cosmograph Daytona-ა მიმაგრებული, რომელიც ყვითელი ოქროსგანაა დამზადებული და 8 ბრილიანტითაა გაფორმებული. რა თქმა უნდა, მოდელების რაოდენობა შეზღუდულია და მსურველთათვის მხოლოდ 3 ერთეულია ხელმისაწვდომი.

"Rolex მხოლოდ iPhone-ის დამატება როდია, ეს არტისტული კომპოზიცია გახლავთ, რომელიც Rolex Daytona-ს კოლექციის ისტორიას მიაგებს პატივს", — აცხადებენ Caviar-ში.

აღსანიშნავია, რომ iPhone 14-ის უკან მიმაგრებული 18-კარატიანი ოქროს დეტალები სრულად ფუნქციურია, ხოლო სმარტფონის გარეთა დიზაინი 1930-იანი წლების სარბოლო მანქანების სტილშია გადაწყვეტილი. კერძოდ, ის Blue Bird-ის სახელით ცნობილი ავტომობილითაა შთაგონებული, რომელმაც Daytona-ს შეჯიბრზე სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ფოტო: Caviar

"ოქროს Rolex Daytona თავად ხელოვნების ნიმუშია. ახლა კი ის Apple-ის უახლეს სმარტფონთან გაერთიანდა, რომელიც, ალბათ, დღესდღეობით კაცობრიობის ყველაზე რელევანტური გამოგონებაა," — ვკითხულობთ ბრენდის ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ Daytona რბოლისთვის შეიქმნა და, შესაბამისად, პროფესიონალი მრბოლელებისთვის იყო განკუთვნილი. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ სმარტფონების პანელზე ისეთ დეტალებს ვხვდებით, როგორიც სპიდომეტრი და საწვავისა თუ ზეთის დონის მაჩვენებლებია.

ფოტო: Caviar

რაც შეეხება მოდელების ფასებს, iPhone 14 Pro-ს ღირებულება 133 670 აშშ დოლარიდან იწყება და 1-ტერაბაიტიანი ვერსიის შემთხვევაში 134 830 აშშ დოლარს აღწევს.

iPhone 14 Pro Max-ის მინიმალური ფასი 134 250 აშშ დოლარია, ხოლო მისი მაქსიმალური ღირებულება 135 420 აშშ დოლარს შეადგენს.

სმარტფონებისა და მათი ფასების სანახავად, გადადით Caviar-ის ოფიციალური ვებგვერდის ბმულზე — https://caviar.global/collections/grand-complications/daytona_id28089/

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.