Apple-ის ახალი საათები ქალთა ჯანმრთელობაზე კონცენტრირდება
ჭკვიანი საათების ერთ-ერთი ფუნქცია ოვულაციური ციკლის დადგენაა
Apple-მა გუშინ, 7 სექტემბერს, ახალ პროდუქციათა შორის საათებიც წარადგინა — Apple Watch Ultra, Apple Watch Serie 8 და Apple Watch SE. ეს მეტად დახვეწილი საათები კონცენტრირდება ქალის ჯანმრთელობაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის ამოცნობაზე და გამოირჩევა მეტად გამძლე ელემენტით (მაგალითად, Apple Watch Ultra ერთი დამუხტვით სულ მცირე 36 საათს უძლებს). Apple Watch Ultra განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიზიკურად აქტიურია და დიდ დროს გარეთ ატარებს — ვარჯიშობს, თხილამურებზე სრიალებს ან მთამსვლელობითაა დაკავებული.
Apple Watch Ultra-ს აქვს 49-მილიმეტრიანი კარკასი, რომელიც ტიტანისგანაა დამზადებული, რაც მას საოცრად გამძლე მოწყობილობად აქცევს. ის ასევე გამოირჩევა საფირონის წინა კრისტალით, შედარებით მაღალი მართვის ღილაკებითა და მეტად ფართო გვირგვინით. მასში ჩაშენებულია სამი მიკროფონი და ფიჭური სიგნალი, რათა უამინდობის დროსაც კი შესაძლებელი იყოს ხმოვანი შეტყობინების ფუნქციის გამოყენება. მისი მოხმარება შეიძლება ღრმა წყლებშიც 40 მეტრ სიღრმემდე, რაც მყვინთავებისთვის იდეალური ვარიანტია.
Apple Watch 8-ს აქვს სხეულის ტემპერატურისა და სხვა სასიცოცხლო ნიშნების დადგენის ძალიან დახვეწილი სენსორული სისტემა. ამის დახმარებით ძალიან გამარტივდება ოვულაციური ციკლის დადგენა. მენსტრუალური ციკლის დადგენის ფუნქცია უკვე 3 წელია, რაც არსებობს და ახლა მაღალი მგრძნობელობის წყვილი სენსორის დამატებით ის ძალიან დაიხვეწა. ციკლის განსაზღვრისთვის საათი მასში ჩაშენებულ მანქანურ სწავლენასაც იყენებს. საათი სხეულის ტემპერატურის შესახებ მონაცემებს, ოვულაციით გამოწვეული რყევების შესაბამისად, ყოველ 5 წამში აანალიზებს.
The Apple Watch 8-ს ასევე ავტოსაგზაო შემთხვევების დადგენის ფუნქცია აქვს. მასში ჩაშენებული აქსელომეტრი სწრაფად ადგენს სიჩქარის დავარდნას, დაჯახების ადგილს და ავარიის შემთხვევაში ავტომატურად სასწრაფოდ იძახებს დახმარებას.
Apple Watch SE-ს Apple Watch Series 8-ის ორი ახალი ფუნქცია აქვს — ავარიის დადგენა და ტემპერატურის განსაზღვრა, თუმცა ის არ გამოირჩევა დიზაინისა და ფერების მრავალფეროვნებით. ყველა საათი გაყიდვაში სექტემბრის ბოლოს იქნება.
კომენტარები