"გაამარტივე ცხოვრება შენი გამოგონებით" — ინოვატორებისთვის სახალხო კონკურსი იწყება
გიფიქრია იმაზე, რომ შენმა გამოგონებამ შესაძლოა ყოველდღიური ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს და პოზიტური ცვლილებები მოახდინოს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე გლობალურად? მაშინ "გაამარტივე ცხოვრება შენი გამოგონებით".
ამ სლოგანით ქართული გამოგონებების მუზეუმი "ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებების" 2022 წლის კონკურსში მონაწილეობისთვის ეძებს ყველა მოყვარულ თუ აღიარებულ გამომგონებელს.
კაცობრიობის ისტორიაში მრავალი გამოწვევის საპასუხოდ ყოველთვის იბადებოდა მარტივი და გონივრული გადაწყვეტები. მსგავს მიგნებებს, იქნებოდა ეს ნივთი თუ პროცესი, დღეს პრაქტიკაში ვიყენებთ, უფრო მეტიც, სხვადასხვა ეპოქაში ყოველდღიური ამოცანების გადაჭრის მიზნით შექმნილი საგნები, დღეს მუზეუმშიც კი ინახება როგორც ეროვნული სიმბოლო. სწორედ ამ შთაგონებითა და დღევანდელი პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრის წასახალისებლად, 2021 წელს, UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიამ, ქართული გამოგონებების მუზეუმი დააარსა.
გამოგონებების მუზეუმი ყოველწლიურად ახალ და ყოველდღიურ საჭიროებაზე მორგებულ თემატიკას არჩევს კონკურსისთვის. წლევანდელი სახალხო გამოგონებების კონკურსის თემა ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიაა. თუ თვლი, რომ შენი გამოგონება და იდეა საინტერესოა, მაშინ ჩაერთე კონკურსში და გააცანი ის ფართო აუდიტორიას.
"ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს გამოგონებები, რომლებიც რიგითმა მოქალაქეებმა, მოყვარულმა გამომგონებლებმა, დამწყებმა მეცნიერებმა ან სტარტაპერებმა შექმნეს, მაგრამ ისინი ჯერ არაა ფართოდ გავრცელებული. არადა, სწორედ ასეთ გამოგონებებს აქვთ პოტენციალი მარტივად გავრცელდნენ საზოგადოებაში და სწრაფად გააუმჯობესონ ჩვენი ყოველდღიურობა", — ამბობს სესილი ვერძაძე, UNDP-ის გადაწყვეტილების იდენტიფიცირების ხელმძღვანელი.
განახლებადი ენერგიის თემატიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როგორც საქართველოსა და ჩვენი რეგიონისთვის, ასევე გლობალურადაც. საქართველოში უამრავი კვლევა ჩატარებულა იმის დასადგენად თუ რა ტიპის ენერგო წყაროების მოხმარება ხდება დღეს ქვეყანაში. ესენია ძირითადად ელექტოენერგია, ბუნებრივი და თხევადი აირები და რეგიონებში კი შეშის აქტიური მოხმარება. ქალაქში, სადაც შედარებით მჭირდო დასახლებაა აირის მოხმარების 17.1% ია, სოფელში 1.6%, ხოლო შინამეურნეობების 1.2% საერთოდ გათბობის გარეშეა. მოსახლეობა გათბობის ისეთ ინდივიდუალურ საშუალებებს იყენებს, როგორიცაა ელექტრო ან გაზის გამათბობელი, შეშის ღუმელი, ბუხარი და ა.შ. ალტერნატიული გათბობის მექანიზმები, რომლებიც დამზოგავი ენერგიის საშალებით შეიძლება მოვიხმაროთ, დღეს ძალიან დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს. ზოგადად სტატისტიკა გვეუბნება, რომ დღეს ძირითადად მოვიხმართ გაზის 45%, ხოლო ნავთობის 27%-ს. ჰიდროენერგიას კი დიდი რაოდენობით ვაწარმოებთ (მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 66%-ს) და ის წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ მნიშნველოვან რესურსს.
ენერგიის ასეთი ფორმით მოხმარება ზეგავლენას ახდებს ენერგიის ფასების ზრდაზე მსოფლიოში, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ აუცილებელია ალტერნატიული გზების გამონახვა და მისი მოხმარების დაზოგვა. ასევე ცალსახაა ისიც, რომ ენერგიის არაეფექტური მოხმარება იწვევს ტემპერატურის ზრდას, რაც ნეგატიურად აისახება ეკოლოგიაზე. ამ გამოწვევების გადაჭრა არ არის მარტივი, თუმცა შესაძლებელია. ამისათვის აუცილებელია განახლებად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება და ისეთი მოწყობილობების, პრაქტიკული მიგნებების გამოყენება, რომლებიც დაგვაზოგინებს ენერგიას.
სწორედ ამიტომ ძალიან მნიშნველოვანია ქვეყანაში ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც წაახალისებს საქართველოში განახლებადი ენერგიების განვითარებას. ქართული გამოგონებების მუზეუმმაც სწორედ ამ მოტივით შეარჩია ენერგო ეფექტურობის თემატიკა 2022 წლის კონკურსისთვის.
"სახალხო გამოგონებები, რომლებსაც კონკურსის ფარგლებში ვეძებთ, შესაძლოა წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის: მოწყობილობა, ხელსაწყო, პროდუქტი ან მომსახურება, მუშა პროექტი, პროტოტიპი ან მოდელი. ის შეიძლება იყოს შექმნილი ყოველდღიური, ყოფითი საქმეებისათვის, მაგალითად: გასაგრილებლად, გასათბობად, განათებისთვის, საკვების მოსამზადებლად, ან ნებისმიერ საწარმოო თუ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოსაყენებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების გამომგონებლებს, მცირე ბიზნესებს, სტარტაპებს, სათემო ორგანიზაციებს და სხვა", — აცხადებენ გამოგონებების მუზეუმში.
"ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებების" კონკურსზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 15 აგვისტოს დასრულდება. საუკეთესო გამოგონების გამოსავლენად დასკვნითი ღონისძიება სექტემბერში გაიმართება და გამარჯვებული ფულადი პრემიით დაჯილდოვდება. რაც უფრო მნიშვნელოვანია, გამომგონებელს ექნება შანსი გამოაქვეყნოს თავისი ნაშრომი UNDP-ის გლობალურ პლატფორმაზე, გააცნოს ის მთელს მსოფლიოს და შესაძლოა, იპოვოს პარტნიორები წარმოების გასაფართოებლად.
საპრიზო ფონდი 20 000 ლარია.
კონკურსში მონაწილეობისათვის შეავსეთ განაცხადი ქართული გამოგონებების მუზეუმის ვებგვერზე - gamogoneba.ge
კომენტარები