ავიაკომპანია Boom Supersonic-მა აჩვენა Overture თვითმფრინავების სრულიად ახალი მოდელი, რომელიც "მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ავიალაინერი" იქნება.

კომპანიამ რეაქტიული თვითმფრინავის საწარმოო დიზაინი წარმოადგინა, რომელიც მოიცავს ოთხ ძრავას, ახალ ფიუზელაჟს (საფრენი აპარატის კორპუსს) და წინა მოდელებთან შედარებით, მგზავრთა ნაკლებ ადგილს.

ავიალაინერი მართლაც ძალიან სწრაფია — მისი მახის რიცხვი (ობიექტის სიჩქარე, ბგერის სიჩქარესთან მიმართებაში) წყალზე არის 1.7, ხოლო ხმელეთზე — 1, რაც ნიშნავს, რომ მას ნიუ იორკიდან ლონდონამდე სულ 3.5 საათი სჭირდება.

"ავიაციას გიგანტური ნახტომი ათწლეულების მანძილზე არ უნახავს", — ამბობს ბლეიკ შოლი, კომპანიის CEO. "Overture თავისი დიზაინით რევოლუციურია და ის ფუნდამენტურად შეცვლის დისტანციის ჩვენეულ აღქმას."

თუ Overture წარმოებაში ჩაეშვება, ის ავიაინდუსტრიას მისცემს მისთვის ასე ერთობ საჭირო ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას.

სამხედრო სტილი

Boom Supersonic-ში განაცხადეს, რომ ისინი კონტრაქტორ Northrop Grumman ერთად ავიალაინერის სამხედრო და საგანგებო სიტუაციების ვარიანტებზე მუშაობენ.

შოლმა თქვა, რომ "ეს კოლაბორაცია აშშ-ს და მის მოკავშირეებს უზრუნველყოფს უბადლო საჩქაროსნო პოტენციალით", მათ შორის გაუწევს დახმარებას "სწრაფი რეაგირების თვალთვალისა და დაზვერვის დროს, ბრძანების გაცემის, კონტროლისა და ასევე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საჭიროებისას".

რკინის ფრინველი

ახლა კომპანია დიდი გამოწვევის წინაშე დგას — ფუტურისტული თვითმფრინავი წარმოებაში ჩაუშვას. Boom ამას საფრენი კომპონენტებისა და სისტემის საცდელად "რკინის ფრინველის" — 30/60 მეტრის ფოლადის ჩონჩხის აშენებით იწყებს.

ჯერ უცნობია, როდის ვიხილავთ პირველ Overture-ს. დღეისობით კომპანიას აქვს აშენებული მესამედი მასშტაბის სადემონსტრაციო მოდელი XB-1, რომელსაც წელს გამოცდიან.

XB-1

ფოტო: FlightGlobal

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ რომც მიაღწიოს თავის ამბიციურ მიზანს, ის მაინც ვერ შეძლებს Sud Aviation-ისა და British Aircraft Corporation-ის რეაქტიული თვითმფრინავის Concorde-ის მიერ დამყარებული რეკორდის მოხსნას. მან ნიუ-იორკი-ლონდონის მანძილი 1996 წელს 2 საათსა და 52 წამში დაფარა.

რაც არ უნდა იყოს, მაინც მნიშვნელოვანია ის ტექნოლოგიური ინოვაციები, რასაც ის ავიაინდუსტრიას შესთავაზებს.