YouTube-ის ახალი ფუნქცია ვიდეოს ყველაზე პოპულარულ მომენტებს გიჩვენებთ
ამიერიდან YouTube მიგვანიშნებს, თუ ვიდეოს რომელი ნაწილი ნახეს მაყურებლებმა ყველაზე ხშირად. უფრო კონკრეტულად, პლატფორმაზე მარტივად ვიპოვით ამა თუ იმ ვიდეოში ყველაზე პოპულარულ მომენტებს.
"most replayed part" — ასეთი წარწერა YouTube-ზე, ვიდეოს მიმდინარეობის მაჩვენებელ ზოლთან ახლოს გამოჩნდება როგორც დესკტოპ ვერსიაზე, ასევე Android-ისა და iOS-ისთვის განკუთვნილ YouTube-ის აპლიკაციებშიც.
ეს ერთგვარი ინდიკატორის შემოტანაა პლატფორმაზე, რომლის დახმარებითაც მაყურებელი გაიგებს, ვიდეოს რომელმა ნაწილმა გამოიწვია განსაკუთრებული ინტერესი და შესაბამისად, ამ ნაწილისთვის თვალის მიდევნებასაც შეძლებს.
ფუნქცია 18 მაისს დაანონსდა და ის ეტაპობრივად, ყველგან ამოქმედდება. საბოლოო ჯამში კი, ამ ასწრაფებულ სამყაროში, მოგვცემს საშუალებას, ამა თუ იმ ვიდეოს მთავარი ნაწილები ვნახოთ. თუმცა, ისინი შესაძლოა ჩვენთვის "მთავარი" სულაც არ გამოდგეს, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ალგორითმი ნიშნავს ვიდეოს იმ ნაწილებს, რომელიც მაყურებლებმა ყველაზე ხშირად ნახეს. ჩვენ კი, შესაძლოა, სულ სხვა აქცენტების დაჭერა გვინდოდეს. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ფუნქციის გამოყენებისგან თავს შევიკავებთ და YouTube-ის გამოყენების ადრინდელ ჩვევებს მივენდობით.
ფუნქცია ძალიან გამოსადეგია სპორტული ვიდეოების კუთხით. მაგალითად, თუ ფეხბურთის მატჩს უყურებთ, ეს ფუნქცია დაგეხმარებათ სწრაფად ნახოთ ის მომენტი, როცა გოლი გავიდა. სხვა მხრივ, არ ვიცით ახალ ფუნქციას როგორ შეეგუებიან YouTube კრეატორები. ერთი მხრივ, ფუნქცია დროს უზოგავს მომხმარებელს, მეორე მხრივ კი იუთუბერებს ნაკლებ ნახვის საათებს უგროვებს. ეს კი მათ შემოსავლებზე აისახება.
გარდა ამისა, Google აანონსებს, რომ მომდევნო წლიდან 80 მილიონი ძველი ატვირთული ვიდეოებისთვის ავტომატური ქვესათაურების, ანუ თემატური დანაყოფების გაკეთება იგეგმება. ამას კი Deepmind-ის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აპირებენ.
კომენტარები