Instagram უკვე რახანია გვაძლევს საშუალებას, საყვარელი Story-ები პროფილის თავში ჩავამაგროთ, რათა ისინი ვადის გასვლის შემდეგაც ხილვადი იყოს. შესაძლოა, კომპანიამ მალე იმავეს გაკეთების საშუალება პოსტებზეც მოგვცეს.

TechCrunch-ის უწყებით, ინსტაგრამმა ახლახან დაიწყო ფუნქციის გამოცდა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, კონკრეტული პოსტები ფოტოების ველის თავში ჩაამაგრონ. თუკი იმ ადამიანთა შორის ხართ, ვინც კომპანიამ ცდაში ჩართო, ფუნქციით სარგებლობა ჯერ პოსტის თავზე სამ წერტილზე დაჭერით, შემდეგ კი პროფილზე ჩამაგრების "pin to your profile" ვარიანტის ამორჩევით შეგიძლიათ.

"ვტესტავთ ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს პროფილზე პოსტების თვალსაჩინოდ განთავსების საშუალებას აძლევს", — განაცხადეს კომპანიაში.

ეჭვი იმის შესახებ, რომ პლატფორმა ფუნქციის ჩამატებას აპირებდა, პირველად იანვარში გაჩნდა. პოსტების ამგვარად გამოკვეთა არაერთ სხვა მედია პლატფორმაზეც შეგიძლიათ, მათ შორის, ტვიტერსა და ტიკტოკზე. ფუნქცია განსაკუთრებით იმ მომხმარებლებს დაეხმარება, რომლებიც პლატფორმაზე ბევრ პოსტს დებენ, თუმცა არ სურთ, შიგთავსის კორიანტელში საუკეთესო მასალები ჩაიკარგოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.