ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია "დღევანდელ" ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას ერთმანეთს ადარებს. მისი თქმით, რა მნიშვნელობა აქვს "ოცნება ნაცებს დააბრუნებს ფიზიკურად, თუ იმავე მეთოდებს გამოიყენებს, რასაც ნაცები".

"რა მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, ჩემთვის, ოცნება, დღევანდელი — მაინც მენანება — თავისი ქმედებებით ნაცებს დააბრუნებს ფიზიკურად, თუ თვითონ გამოიყენებს იმავე ხრიკებსა და მეთოდებს, რასაც იყენებდნენ ნაცები. რა სხვაობაა ამაში? შეიძლება, ზუსტად ისეთი ვერ გამოიყენონ, არ ეყოთ რაღაცები, მაგრამ იარაღს რომ ჩაუდებ, იქ, სამსახურში რომ ყველაფერს გადაკეტავ.

ჩემთვის სად გავიდა მორალური ზღვარი: ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი აქტივი არის სამუშაო ადგილი, სოფელში სადღაც სენაკში, ქობულეთში, ადამიანმა რომ ერთი ლაიკი გააკეთა სურათზე, მივიდნენ და ეუბნებიან, გაგაგდებთ ახლა 500-ლარიანი სამსახურიდანო, იმიტომ, რომ რაღაც დაალაიკეო. ჩვენ თუ 9 წელი რაღაცა ვაკეთეთ, მედია გავათავისუფლეთ, პენიტენციუირ სისტემა ეს ვქენით, ის ვქენით და მერე ისევ იქ უნდა დამაბრუნოთ, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის მაგას, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ პრინციპი უნდა იყოს, რომ უკან დაბრუნება არ გვინდა და წინ, კიდევ მომავალში ნაცები არ გვინდა, მორჩა", — აცხადებს ის.

18 აგვისტოს გახარიას გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ მათი პარტიის მხარდამჭერს, აკაკი ბართაიას იარაღი ჩაუდეს და დააკავეს. მისივე თქმით, ბართაიას მანამდე ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაკავებით დაემუქრნენ. ამასთან, 23 აგვისტოს გახარიას პარტიის აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, ირაკლი მიქელაძემ განაცხადა, რომ მათ წევრებზე ზეწოლა ხორციელდება. როგორც მიქელაძემ თქვა, მმართველი გუნდის წევრები ფულს სთავაზობენ პარტია საქართველოსთვის კანდიდატებს, რომ წარდგენის შემდეგ პარტია დატოვონ .