საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, იზიარებს თუ არა ვინმე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მას პატივი უნდა სცეს. აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემდეგ, დღეს, 14 ივნისს, განაცხადა:

არ არის გამორიცხული, რომ ვანო მერაბიშვილ ოცნებების ნაწილი, შესაძლოა, ახდა

დავით უსუფაშვილი

"ზოგადად შემიძლია გითხრათ ერთი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებების პატივისცემა უნდა ვისწავლოთ, საკუთარი სასამართლოებისაც და სტარსბურგის სასამართლოსიც, რომელსაც იურისდიქცია აქვს საქართველოზეც. ამიტომ, ვეთანხმები არ ვეთანხმები, მომწონს არ მომწონს, ამ შემთხვევაში გამოსაყენებელი ტერმინები აღარ არის. ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს უნდა დავემორჩილოთ და შევასრულოთ. ამასთანავე, რაც შეეხება ამ ტიპის თემებს, ვთქვათ პოლიტიკური ნიშნით და საპროცესო უფლებების დარღვევით და ა. შ, მინდა მოგახსენოთ, რომ ნებისმიერი დამნაშავის ოცნებაა ჰყავდეს ისეთი პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე, რომელიც დაუშვებს ისეთ შეცდომებს, რომელიც შემდგომ დამნაშავეს მისცემს საშუალებას ამაზე აპელირების და ეს კანონში წერია, რომ საპროცესო უფლებები უნდა იყოს დაცული და ასეთ შემთხვევაში დამნაშავე სწორედ ამაზე ოცნებობს, რომ სწორედ ამითი მოახდინოს თავისი რეაბილიტირება. მეორე ოცნება დამნაშავეების, რომლებიც საჯარო პოლიტიკურ ცხოვრებაში არიან გარეული, მათი ოცნებაა ჰყავდეთ ისეთი პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებაში, რომლებიც თავიანთი განცხადებებით შექმნიან ისეთ ფონს, რომ მერე ვიღაცამ დაასკვნას, რომ პოლიტიკური ნიშნით არის დევნილი და არა კანონი დევნის მას. არ არის გამორიცხული, რომ ვანო მერაბიშვილსაც ჰქონდა ასეთი ოცნებები და მისი ოცნებების ნაწილი შესაძლოა ახდა“.