ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, თუ პარტიები საბოლოოდ სხვა ადამიანების "ბულინგს" არ დაექვემდებარებიან, ისინი აუციელბად იქნებიან პარლამენტში.

"ვინ მოვა ხვალ და ვინ არ მოვა, ეს არ ვიცი, მაგრამ ყველა შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ პარტიები, რომლებიც არ დაექვემდებარებიან პოლიტიკური სიბინძურის მწვერვალზე გასული ადამიანების ბულინგს და თაიანთ თავში იპოვიან ამის ძალას, აუცილებლად მიიღებენ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას", — განაცხადა მდინარაძემ.

ხვალ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა ჩატარდეს, რომელსაც ოპოზიცია არ დაესწრება. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მანდატებზე უარს ამბობენ. ისინი გეგმავენ, რომ სხდომის პარალელურად ხელი მოაწერონ ერთობლივ განცხადებას, რომლითაც სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან.

9 დეკემბერს პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ფეისბუქლაივის დროს განაცხადა, რომ საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციების რეფორმებზე შეთანხმების შემთხვევაში პარლამენტში შევა.

როგორც ელისაშვილმა მოგვიანებით განმარტა, ქართულმა ოცნებამ დაიხია ყველა საკითხზე, რომელიც ოპოზიციამ მოლაპარაკებების მაგიდასთან დააყენა. მისივე თქმით, ევროპული საქართველო მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს.

ამავე თემაზე: