ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია ამბობს, რომ დეპუტატმა, ნანა კოსტავამ სალომე ბარკერის ტრაგედიის შესახებ არ იცოდა და თავადაც განიცდის მომხდარ ფაქტს. ამის შესახებ მან On.ge-ს განუცხადა.

"მე პირადად პოსტი არ მინახავს. ვესაუბრე ქალბატონ ნანას და აღნიშნა, რომ მან არ იცოდა ამ ტრაგედიის შესახებ და თავადაც განიცდის მომხდარ ფაქტს. რამდენადაც ვიცი, ოჯახს თავადაც მიუსამძიმრა და ბოდიშიც მოხადა. მეც პირადად ვუსამძიმრებ ოჯახს ამ საშინელი ტრაგედიის გამო", — ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

ქუთაისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა ნანა კოსტავამ Facebook-ზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს ამ აღწერით გაზიარება დროში ბარკერის დის გარდაცვალებას დაემთხვა.

მოგვიანებით კოსტავამ ბოდიში მოიხადა. მან ისევ გაიმეორა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა On.ge-სთან საუბრისას ბარკერზე მან აღნიშნა, რომ "რაღაცნაირად ბოროტი ძალებისგან გადაუხადეს სამაგიერო".