პრობლემა რომ საქართველოშიც აქტუალურია, რამდენიმე დღის წინ 16 წლის გოგოს თვითმკვლელობის ფაქტმაც აჩვენა. სახელმწიფომ ამ შემთხვევაში პრევენცია ვერ შეძლო. ქვეყანას სუიციდის პრევენციის სამოქმედო გეგმა, რომელიც 2016 წელს უნდა შეემუშავებინა, 2 წლის შემდეგ, 2018 წელსაც არ აქვს.

2014 წელს საქართველოს მთავრობამ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა, სადაც ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება სუიციდის პრევენციის გეგმის შემუშავება იყო. დღეს ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ გეგმა "სურვილებს" ეფუძნებოდა და ფინანსურ შესაძლებლობებთან აცდენილი იყო.

თვითმკვლელობის სტატისტიკური მონაცემები საქართველოში

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს თვითმკვლელობით სიცოცხლე 136-მა ადამიანმა დაამთავრა. სუიციდის დამდგარ ფაქტებთან დაკავშირებით განსხვავებული მონაცემები აქვს სახალხო დამცველს, რომლის ანგარიშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას ეყრდნობა.

ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს სუიციდთან კავშირში თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება 36 შემთხვევაში დაიწყო, შედეგმა კი აჩვენა, რომ აქედან 9 თვითმკვლელობა, 27 კი - თვითმკვლელობის მცდელობა იყო. სახალხო დამცველის მონაცემებით, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, თვითმკვლელობების მაჩვენებელი 20 პროცენტით არის გაზრდილი.

სახელმწიფო უწყებების მონაცემებს შორის აცდენაზე საუბრობს ფსიქოთერაპევტი გიორგი დონაძე. მისი თქმით, ამ კუთხით, შსს-სა და საქსტატის მიერ დამუშავებული მონაცემები განსხვავებულია, რადგან სუიციდის ფაქტების აღრიცხვიანობის საერთო სისტემა არ არსებობს.

რას აკეთებენ პრევენციაზე პასუხისმგებელი მთავარი უწყებები

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტრატეგია, რომელიც 2014 წელს შეიმუშავეს და მთავრობის ბრძანებით დაამტკიცეს, არარეალური აღმოჩნდა, სახელმწიფო ბიუჯეტი კი არასაკმარისი. იმის მიუხედავად, რომ პროექტის განუხორციელებლობის მთავარი მიზეზი ფინანსები იყო, სახელმწიფომ დღემდე არ იცის, რა თანხაა საჭირო მექანიზმის შესაქმნელად.

ქეთი გოგინაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი

ქეთი გოგინაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი

ფოტო: ქეთი გოგინაშვილი / Facebook

"სტრატეგია არ არის მხოლოდ სახელმწიფო ხარჯები, იქ მოიაზრება დონორების დახმარება, მუნიციპალიტეტებისა და კერძო სექტორს დანახარჯები. სტრატეგია გვაქვს და არა სამოქმედო გეგმა. თანხებს სამოქმედო გეგმაში ვწერთ. თანხები კი კონკრეტულ ქმედებებს ეწერება", - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ქეთი გოგინაშვილმა.

მისი თქმით, სტრატეგიაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა გადაწყვიტა სამოქმედო გეგმის განხორციელება დროებით შეეჩერებინა და სტრატეგიის ეფექტურად განვითარების საჭირო სერვისები განევითარებინა.

"როცა სტრატეგიაზე ვმუშაობდით, დასრულებული დოკუმენტი უფრო სურვილები გამოვიდა და რეალურ სახელმწიფო ბიუჯეტს სცდებოდა. გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ხანი გადაგვედო და საპილოტედ, როგორც ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილი, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში სუიციდის პრევენციის გეგმა დაგვენერგა და გვენახა, რა შედეგებს მივიღებდით. ამის პარალელურად კი ისეთ სერვისები განგვევითარებინა, რომელიც ხელს შეუწყობდა სუიციდის პრევენციას და შემდგომ, ერთიან სტრატეგიაში რეალობა ჩაიწერებოდა", - უთხრა On.ge-ს ქეთი გოგინაშვილმა.

მისი თქმით, 2016 წლიდან დღემდე, ჯანდაცვის სამინისტრომ სათემო სერვისები, კრიზისების მართვის მიმართულება და რეგიონში მობილური ჯგუფები განავითარა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პაციენტებთან მუშაობს.

შეიძლება არ გამოვდივართ და არ ვყვირით, პიარს არ ვეწევით, მაგრამ ნამდვილად ბევრი რამე გაკეთდა... საერთო საქმის 20-30 პროცენტია გაკეთებული.

ქეთი გოგინაშვილი

გოგინაშვილის განმარტებით, მოზარდებში სუიციდის პრევენცია მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს საქმე არ არის და სამოქმედო გეგმაზე მულტიდისციპლინური ჯგუფი იმუშავებს.

"შეიძლება არ გამოვდივართ და არ ვყვირით, პიარს არ ვეწევით, მაგრამ ნამდვილად ბევრი რამე გაკეთდა, ისეთი სერვისების განვითარების მიმართულებით, რომელიც ადგილზე პრევენციისა და კრიზისების მართვის გამოცდილების დანერგვას უზრუნველყოფს. საერთო საქმის 20-30 პროცენტია გაკეთებული. გამოჩნდა პრობლემის აქტუალობა, რა სახის სერვისები გვჭირდება, საიდან უნდა გაჩნდეს ეს ფული, დადგა სოციალური საკითხების მნიშვნელობა, ერთიანი ხედვისა და თანხების საჭიროება. ჯაჭვი შეიქმნა და ამ მიმართულებით ყურება ყველამ დაიწყო", - უთხრა On.ge-ს ქეთი გოგინაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციის ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია გადაიხედება და შესწორებული ვარიანტი მომავალი წლის გაზაფხულზე დამტკიცდება. მისივე განმარტებით, განახლებული სტრატეგიის ფარგლებში სუიციდის პრევენციის მიზნით, სპეციალური ცხელი ხაზის ამოქმედებაც იგეგმება.

რაც შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის "არარეალურ" სტრატეგიას, მის განსახორციელებლად ქეთი გოგინაშვილის თქმით, საშუალოდ 80 მილიონი იყო საჭირო, თუმცა არ იცოდნენ საიდან მოეძიებინათ თანხის 70 პროცენტი.

განათლების სამინისტრო

ფოტო: Edu.aris.ge

სუიციდის პრევენციაზე ინფორმაციის მისაღებად განათლების სამინისტრო მხოლოდ წერილობით პასუხებს დათანხმდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი უფასო მომსახურებას სთავაზობს სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს, კანონიერ წარმომადგენლებს მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას. მანდატურის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში უშუალოდ სუიციდის პრევენციასთან დაკავშირებული სერვისი არ არსებობს.

განათლების სამინისტროს ცნობით, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 2 200 220 (30 25); 08 00 00 00 88, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეკვა შესაბამისი ინფორმაციის, კონსულტაციის თუ სერვისის მისაღებად. ცხელი ხაზი ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში.

პასუხისმგებელი უწყებების მუშაობის შეფასება და რეკომენდაციები

სუიციდის პრევენციის სამოქმედო გეგმის მიმართულებით გამოვლენილ უმოქმედობაზე სახალხო დამცველი თავის სპეციალურ ანგარიშებში ყოველწლიურად წერს. მას შემდეგ, რაც ოზურგეთში 16 წლის გოგომ თავი მოიკლა, სახალხო დამცველმა სპეციალური რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი

ომბუდსმენის განცხადებით, ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევათა დროული გამოვლენა და შესაბამისი მხარდაჭერა კვლავ პრობლემად რჩება. სტერეოტიპული შეხედულებები და მხარდაჭერის სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები, ასევე, ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ბავშვის სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის შემთხვევებს დაფარულს და ტაბუდადებულს ხდის.

სახალხო დამცველის თქმით, კიბერ ბულინგისა და ძალადობის შემთხვევების გამოვლენა განსაკუთრებულ პრობლემად რჩება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ სკოლებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სკოლის პერსონალის ცნობიერების დონე დაბალია და ხშირად კიბერ ბულინგი ძალადობად არ აღიქმება.

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები:

  • სპეციალიზებული ცხელი ხაზის შექმნა, სადაც ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ მათთვის მეგობრული, კვალიფიციური სერვისი და შესაბამისი კონსულტაცია 24 საათიან რეჟიმში;
  • ინფორმაციის გავრცელება ბულინგის, კიბერ ბულინგის, სექსუალური შევიწროებისა თუ სხვა სახის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფორმებზე;
  • მასწავლებლების სოციალური მუშაკების გადამზადება და მათი ბავშვებთან მუშაობის უნარების დახვეწა;
  • ბავშვების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება; მხარდაჭერის გამოვლენა.
გიორგი დონაძე, ფსიქოთერაპევტი

გიორგი დონაძე, ფსიქოთერაპევტი

ფოტო: გიორგი დონაძე / Facebook

ფსიქოთერაპევტ გიორგი დონაძის განცხადებით, სუიციდის პრევენციის სამოქმედო გეგმის შესრულების დაგვიანება მიუთითებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს ნება და სუიციდს, როგორც გამოწვევას არ აღიარებს.

ფსიქოთერაპევტი განსაკუთრებულ ყურადღებას მოზარდებს უთმობს და აღნიშნავს, რომ მათ ოჯახის წევრებისა და მშობლების ნდობა დაკარგული აქვთ, რაც ბოლოს ოზურგეთში 16 წლის გოგოს თვითმკვლელობის ფაქტმაც წარმოაჩინა.

"მოზარდებმა უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი იმედი უნდა ჰქონდეთ, არ გავკიცხავთ და მხარდაჭერას გამოვუცხადებთ. არასრულწლოვნებს ეშინიათ საუბარი, მათ აქვთ განცდა, რომ იდეალურები უნდა იყვნენ. თუ ამ ადამიანებს ექნებათ ნებისმიერ შემთხვევაში მხარდაჭერის იმედი, ისინი ხმამაღლა ისაუბრებენ", - ამბობს დონაძე.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიული წრეების, არამედ ოჯახის წევრების, თემის, მეგობრების გაძლიერებაც. საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე კი სუიციდის პრობლემაზე სახელმწიფო სტრუქტურებმა მულტისექტორულად უნდა იმუშავონ. ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) სუიციდის პრობლემაზე

ფოტო: World Health Organization

"სუიციდის ყოველი შემთხვევა ტრაგედიაა, რომელიც გავლებას ახდენს ოჯახებზე, საზოგადოებასა და სრულიად ქვეყანაზე და აქვს ხანგრძლივი ეფექტი", - წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურ გვერდზე.

ორგანიზაციის ცნობით, სუიციდი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა მისი პრევენცია შესაძლებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია მულტისექტორული პრევენციის სტრატეგიის შემუშავებაა.

რისკჯგუფები

ფსიქიკური პრობლემის მქონე პირები თვითმკვლელობისკენ მიდრეკილები არიან, თუმცა ის შეხედულება, რომ მხოლოდ ფსიქიკური პრობლემის მქონე პირები იკლავს თავს, მცდარია. შესაბამისი ემოციური ფონი შესაძლოა გაძლიერდეს ან/და შეიქმნას სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე. ასევე სხვადასხვაა ამ ფონის გამოვლენის გზები. ყველაზე ჯანმრთელმა და ფსიქოლოგიურად ძლიერმა ადამიანმაც კი შესაძლოა მიმართოს სუიციდს გარკვეულ შემთხვევში.

WHO-ს ცნობით, რისკჯგუფებია:

  • ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული პირები;
  • ადამიანები, რომლებსაც გარდაეცვალათ საყვარელი ადამიანი, განქორწინდნენ, დაკარგეს სამსახური და აშ.
  • ადამიანები, რომლებიც განიცდიან ან გადაიტანეს ფიზიკური ან სულიერი ტრავმა - დაკარგეს მხედველობა, პარალიზებულნი არიან ან განიცდიან მუდმივ ტკივილს;
  • მარტოსული ადამიანები, რომლებიც თავს გრძნობენ ყველასგან გარიყულად და მიტოვებულად;
  • წარსულში სუიციდის მცდელობის მქონე პირები;
  • ლტოლვილები და მიგრანტები, LGBT თემის წევრები და პატიმრები.

სუიციდის მეთოდები

იმის ცოდნა, თუ თვითმკვლელობის რა გზებს მიმართავენ ადამიანები ქვეყანას ეხმარება განსაზღროს პრევენციისთვის საჭირო სტრატეგიები, რომელიც იქნება ეფექტური. მაგალითად, თვითმკვლელობის ნივთებზე კონტროლი და ხელმისაწვდომობის შეზღუდვა.

პრევენცია და კონტროლი

სუიციდური აზრების მქონე ადამიანი არ ითხოვს დახმარებას. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ არ სჭირდება. თვითმკვლელთა უმრავლესობას სულაც არ სურს სიკვდილი, მათ უბრალოდ იმ ტკივილის შეჩერება სურთ, რომელსაც განიცდიან.

სუიციდური აზრების მქონე ადამიანი არ ითხოვს დახმარებას. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ არ სჭირდება. თვითმკვლელთა უმრავლესობას სულაც არ სურს სიკვდილი, მათ უბრალოდ იმ ტკივილის შეჩერება სურთ, რომელსაც განიცდიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

სუიციდის პრევენცია იწყება მისი ნიშნების ამოცნობით. თუ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ რომელიმე თქვენი მეგობარი ან ოჯახის წევრი აპირებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას, აუცილებლად დაელაპარაკეთ მას. თქვენ შეგიძლიათ წინ აღუდგეთ ამ ფაქტს. ადამიანების გადასარჩენად ხშირ შემთხვევაში სწორედ ახლობელი ადამიანი წარმოადგენს მთავარ მაშველ რგოლს.

თუ გაგიჩნდათ ეჭვი იმის თაობაზე, რომ პირს სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სურს, არ დატოვოთ მარტო. დარჩით მასთან. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს ადამიანი ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარეა. შესაბამისად, ყოველი ფრაზა, რომელიც მის კრიტიკას ან გადარწმუნებას შეეხება, უბრალოდ უნდა ამოიღოთ; შეეცადეთ პრობლემა მათი მხრიდან დაინახოთ. გახსოვდეთ, რომ რაც ერთი ადამიანისთვის უბრალო შემთხვევაა, მეორისათვის გადაულახავი ბარიერია.

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ - რეკომენდაციები

  • თვითმკვლელობის ნივთებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა;
  • რისკჯგუფის ადრეული იდენტიფიკაცია;
  • ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების გადამზადება;
  • სუიციდთან საბრძოლველად აუცილებელია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მოქმედება, მათ შორის, მედიის ჩართვა.