ყოველკვირეულად ერთი საკრედიტო ბარათის ოდენობის პლასტმასას შევისუნთქავთ — აი, სად მიდის ის
ცნობილია, რომ საათში მიკროპლასტმასის დაახლოებით 16.2 ნაწილაკს შევისუნთქავთ — შეიძლება ითქვას, ყოველკვირეულად ერთ საკრედიტო ბარათს. ახალი კვლევით მეცნიერებმა დაადგინეს, სად მიდის ეს ნაწილაკები სხეულში მოხვედრის შემდეგ. ნაშრომი ჟურნალში Physics of Fluids გამოქვეყნდა.
პლასტმასის ნაწილაკები უკვე ყველგანაა — ჩვენს სისხლძარღვებსა და დედის რძეშიც კი — და ორგანიზმში ყოველდღიურად ხვდება საკვებისა თუ სასმელი წყლის მეშვეობით.
იხილეთ: ჩვენს სისხლძარღვებში უკვე პლასტმასის ნაწილაკებიც ჩქეფს — მართლა
სულ უფრო და უფრო მატულობს მათი რაოდენობა ჰაერშიც. 2022 წელს აღმოაჩინეს, რომ მიკროპლასტმასა ადამიანთა სასუნთქ გზებშიც გვხვდება. ამას არაერთი სერიოზული პრობლემის შექმნა შეუძლია.
ასევე იხილეთ: რას ვსუნთქავთ? — ცოცხალი ადამიანის ფილტვებში მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
პრობლემის საპასუხოდ სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა საკითხის უკეთ შესწავლა გადაწყვიტეს. მათ გამოთვლითი ჰიდროდინამიკა (CFD) გამოიყენეს და ფრთხილად დააკვირდნენ, როგორ მოძრაობს მიკროპლასტმასები სასუნთქ გზებში სხვადასხვა სუნთქვით პირობებში.
დადგინდა, რომ ტესტირებისას გამოყენებული ყველაზე დიდი მიკროპლასტმასები (5.56 მიკრონი ზომისა), როგორც წესი, ზედა სასუნთქ გზებში იჭედება, ყველაზე ხშირად ცხვირის ღრუში ან ყელის უკანა ნაწილში. დაგროვების ადგილის კუთხით გარკვეული მნიშვნელობა აქვს პლასტმასის ნაწილაკების ფორმასაც.
შენიშნეს ისიც, რომ, რაც უფრო სწრაფი იყო ჰაერის ნაკადი, მიკროპლასტმასაც შედარებით ნაკლებად გროვდებოდა, ფორმის მიუხედავად.
სამომავლოდ მეცნიერები ფილტვებში ამ ნაწილაკთა მოძრაობის მოდელირებას გეგმავენ.
მართალია, მიკროპლასტმასის ორგანიზმში მოხვედრას ზიანი მაშინვე არ მოაქვს, თუმცა ორგანიზმში მათი დაგროვება ხანგრძლივ პერსპექტივაში ჩვენთვის სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს. ამასთანავე, პლასტმასას ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების, ვირუსების, მომწამლავი მოლეკულებისა თუ სხვა საზიანო კომპანიონების მოზიდვაც შეუძლია.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ სად გროვდება ორგანიზმში ეს ნაწილაკები — ასე იმასაც განვსაზღვრავთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
კომენტარები