ადამიანის გულსა და სისხლში 9 ტიპის მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
პლასტმასის მიკრონაწილაკები თითქმის ყველგანაა, მათ შორის საკვებში. მაგალითად, თევზში, რაც არ უნდა გასუფთავებული და ფხებგამოცლილი იყოს ის, 47 ნაწილაკამდე გვხვდება. ყოველწლიურად ადამიანის ორგანიზმში 39 000-52 000 ასეთი ფრაგმენტი ხვდება, კონკრეტული რაოდენობა კი სქესსა და ასაკზეა დამოკიდებული.
1 მიკრომეტრიდან 5 მილიმეტრამდე ზომის მიკროპლასტმასა ადამიანის სისხლში, ტვინში, პლაცენტაში და სხეულის სხვა ნაწილებში უკვე დააფიქსირეს. უკანასკნელი კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ ის ჩვენს გულშიცაა. კერძოდ, ამერიკული ქიმიური საზოგადოების პრესრელიზის თანახმად, 15 ინდივიდის ამ ორგანოს გამოკვლევისას მის ქსოვილებში 9 სხვადასხვა ტიპის ასეთ ნაწილაკს მიაგნეს
სპეციალისტებმა გულზე დასაკვირვებლად ინფრაწითელი ქიმიური ლაზერული სისტემა და ელექტრონული მიკროსკოპი გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ მიკროპლასტმასა იქ ოპერაციამდეც იყო და სამედიცინო პროცედურის შემდეგაც. ასევე, პაციენტების სისხლის ნიმუშებში 9 სახის ნაწილაკს მიაგნეს, რომელთა მაქსიმალური დიამეტრიც 184 მიკრომეტრი იყო.
საინტერესოა, რომ მიკროპლასტმასას სახესხვაობა და ზომა ოპერაციამდე და მის შემდეგ შეიცვალა. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი ნაწილაკები სხეულში თავად სამედიცინო ჩარევის დროსაც მოხვდა.
ავტორები ამბობენ, რომ ასეთი მატერია უნივერსალურად, ყველა ქსოვილის ნიმუშში არ დაფიქსირებულა. უფრო კონკრეტულად, 5 ქსოვილში 9 ტიპის ნაწილაკს მიაკვლიეს, მათგან უდიდესის დიამეტრი კი 469 მიკრომეტრი გახლდათ.
"დამატებითი კვლევებია საჭირო იმის შესასწავლად, თუ რა გავლენა აქვს ოპერაციებს მიკროპლასტმასას შეთვისებაზე და როგორც ზემოქმედებს ეს ნაწილაკები ადამიანის შინაგან ორგანოებსა თუ ჯანმრთელობაზე", — აცხადებენ ავტორები.
ნავარაუდებია, რომ ოკეანეში ყოველ წუთს ერთი სავსე სატვირთოს ოდენობის პლასტმასა იყრება. ფსკერზე დაახლოებით 14 მილიონი ტონა ასეთი ნარჩენია დაგროვებული, ეს მაჩვენებელი კი ნელ-ნელა იზრდება იმის მიუხედავად, რომ პლასტმასას გლობალური მოხმარების შესამცირებლად გარკვეული ნაბიჯები იდგმება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Environmental Science & Technology გამოქვეყნდა.
კომენტარები