საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გამოეხმაურა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. მისი თქმით, რამდენიმე დღეში გაეროს ფორუმი გაიმართება, სადაც ის აღნიშნული საკითხის დაყენებას გეგმავს.

პრეზიდენტმა განმარტა, რომ საქართველო, თავის პარტნიორებთან შეთანხმებით, ვითარდება და უფრო ევროპული ხდება, აქვს სტრატეგიული თმენის პოლიტიკა, რომლის მიზანიც რუსეთის რაციონალურ დიალოგამდე მიყვანაა:

"ძალიან მძიმეა, როდესაც შენს ტერიტორიაზე, შუა სოფელში ატარებენ ამ აბსოლუტურად აბსურდულ და არაფრისმთქმელ ბადეებს, როდესაც იზღუდება გადასასვლელებისა და გამშვები პუნქტების რაოდენობა. ეს არი ძალიან მძიმე. თუმცა, ემოციას აყოლა არაფერს არ მოგვიტანს და ეს ჩვენ ყველამ ვიცით".

პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ქართულმა მხარემ მომხდარის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს უკვე აცნობა.

19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია მოკლეს.