S20, Plus და Ultra — სამსუნგმა S სერიის სამი ახალი ფლაგმანი წარადგინა
რამდენიმე წუთის წინ სამსუნგმა სან-ფრანცისკოში S სერიის სამი ახალი ფლაგმანი, Galaxy S20, Galaxy S20 Plus და Galaxy S20 Ultra წარადგინა. ისინი ხელმისაწვდომი 6 მარტს გახდება, ფასი კი $999-დან დაიწყება და 1 599-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ სამივე ახალ სმარტფონს მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერა და 120-ჰერციანი ეკრანი ექნება.
სამსუნგის თქმით, ის ეკრანის სიხშირის დინამიკურ ცვლილებაზე (როგორც ამას Google Pixel აკეთებს) თავს არ შეიწუხებს — მომხმარებლებს 120-ჰერციანი რეჟიმის არჩევა ერთი ღილაკის მეშვეობით შეეძლებათ.
S20-ის ზომა 6,2 ინჩია, Plus მოდელი 6,7-ინჩიანი იქნება, ხოლო უზარმაზარი Ultra კი 6,9-ინჩიანი სმარტფონია.
ეკრანში ამოჭრილმა კამერამ ცენტრში გადაინაცვლა, ჭრილი კი ზომაში კიდევ უფრო შემცირდა. უკანა კამერები კი ახლა დიდ შავ მართკუთხედშია მოქცეული.
სამწუხაროდ, ყურსასმენის ჯეკი არცერთ მოდელს არ აქვს.
S20 და S20 Ultra-ს 12-მეგაპიქსელიანი ულტრაფართო (F2.2), 12-მეგაპიქსელიანი ფართო (F1.8) და 64-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო (F2.0) კამერები აქვთ. S20 Ultra-ს ულტრაფართო კამერა კი 108-მეგაპიქსელიანია (F1.8).
სმარტფონებს 8K ვიდეოს გადაღებაც შეუძლიათ. ასევე გაუმჯობესებულია ვიდეო სტაბილიზაცია.
ამერიკისთვის, სმარტფონის სამივე მოდელი Qualcomm Snapdragon 865-ით იქნება აღჭურვილი, ხოლო ევროპა Exynos 990-იან ვერსიებს მიიღებს. რაღა თქმა უნდა, აქვეა სწრაფი და უსადენო დამუხტვა, Bluetooth 5.0 და Wi-Fi 6. თითოეულ მოდელს 12GB ოპერატიული მეხსიერება აქვს.4
S20-ს 4 000-მილიამპერიანი, Plus-ს 4 500-იანი, Ultra-ს კი 5 000-იანი ელემენტი ექნება.
კომენტარები