21 აპრილს 17:30 საათზე დაიწყება 48 საათიანი ჰაკათონი, სადაც პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, მეწარმეები და პროექტ-მენეჯერები განავითარებენ კრეატიულ იდეებს და შექმნიან სამუშაო პროტოტიპებს. ღონისძიება სასტუმრო რუმსში დაიწყება და Impact Hub Tbilisi-ში გაგრძელდება.

Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ.

პროექტის Garage48 ადგილობრივი პარტნიორები არიან Impact Hub Tbilisi, თიბისი ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. სამი გამარჯვებული გუნდი საჩუქრად მიიღებს იმფაქთ ჰაბის ერთთვიან ულიმიტო წევრობას და პრიზებს თიბისი ბანკისგან.

ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად უკვე დარეგისტრირდა 100-მდე მონაწილე, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებენ როგორც ქართველ, ისე უცხოელ მენტორებთან ერთად.