გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, 15 კომპანიისთვის რუსეთის ბაზარზე დაშვება მეტი შესაძლებლობაა, რათა დაგეგმონ მეტი წარმოება. მისივე თქმით, ამ საკითხზე მუშაობა კონკრეტული კომპანიების მიმართვის საფუძველზე 2020 წელს დაიწყო.

"ცალსახად მინდა განვაცხადო, ამაზე ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, პროცესი დაიწყო კომპანიების თხოვნით, კონკრეტული კომპანიების მომართვის საფუძველზე და 2020 წელს დაიწყო ამ საკითხებზე მუშაობა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. ამის შემდგომ, ჩვენ, გარდა იმისა, რომ გარკვეული ინფორმაციებისა და დოკუმენტაციის მიწოდების გარდა, საჭირო იყო ამ პროცესისთვის, არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია.

ცალსახად მინდა ეს განვაცხადო, მივიღეთ რამდენიმე დღის წინ პასუხი რუსეთის მხრიდან, რომ ამ 15 კომპანიისთვის დაშვებული იქნება ეს ბაზარი ცხოველური წარმოშობის სურსათის. ეს არის მთელი პროცესი, რაზეც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ასე. ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ დაგეგმონ მეტი წარმოება, ბოლომდე ამუშავონ თავისი სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები", — აცხადებს მინისტრი.

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის ფედერალურმა სამსახურმა, რომელიც მოქმედებს როგორც სადამსჯელო ორგანო რუსეთის ფედერაციის არამეგობრული სახელმწიფოების მიმართ სავაჭრო სანქციების დაწესებისთვის, 15 ქართულ საწარმოს შესაძლოა რუსეთში რძის პროდუქტების გატანის ნებართვა მისცეს.

Tass-ის ცნობით, როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება მის ხელმძღვანელ სერგეი დანკვერტს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ზურაბ ჩეკურაშვილსა და სურსათის უვნებლობის თავმჯდომარეს შორის 5 მარტის მოლაპარაკების შედეგად მიიღეს.

საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობდა და ქართული პროდუქტის ექსპორტზე გატანის გადაწყვეტილებაც სწორედ ამის საფუძველზე იქნა მიღებული.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით კი, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის რძის პროდუქტების ექსპორტის შეთავაზებაზე შექმნილი აჟიოტაჟი ინფორმაციის ნაკლებობის გამოა. მისი თქმით, რუსეთში პროდუქტების ექსპორტის განაცხადი 2020 წელს კერძო კომპანიებმა გაგზავნეს და მას შემდეგ არანაირი მოლაპარაკებები მხარეებს შორის არ შემდგარა.