ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის რძის პროდუქტების ექსპორტის შეთავაზებაზე შექმნილი აჟიოტაჟი ინფორმაციის ნაკლებობის გამოა. მისი თქმით, რუსეთში პროდუქტების ექსპორტის განაცხადი 2020 წელს კერძო კომპანიებმა გაგზავნეს და მას შემდეგ არანაირი მოლაპარაკებები მხარეებს შორის არ შემდგარა.

"საქართველოს მხრიდან განცხადება რამდენიმე კომპანიიდან რუსეთში გაგზავნილი იყო 2020 წელს. 2020 წლიდან დღემდე კომუნიკაცია არ ყოფილა, ამიტომ აჟიოტაჟი, რომელიც საზოგადოებაში წარმოიშვა, ვფიქრობ, რომ არის ინფორმაციის ნაკლებობის გამო, რადგან, მითუმეტეს ომის პირობებში საქართველოს დამატებით ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიუმართავს. ამ საკითხზე მიმართვა იყო კერძო კომპანიების მხრიდან, რომ მათ აინტერესებდათ ახალ ბაზარზე გასვლა და ცხოველური წარმოშობის სურსათ-პროდუქტებს სპეციალური რეგულაციები გააჩნია, კონკრეტულ საწარმოებს აღიარება სჭირდება შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან. ეს ინფორმაცია საქართველოდან გაგზავნილია 2020 წელს. 2020-დან დღემდე არ ყოფილა ამაზე პასუხი და პასუხი იყო პარასკევს თუ შაბათს, როდესაც პროაქტიულად რუსულმა მხარემ გადაწყვეტილება მიიღო, რომ განაცხადები, რომლებიც მათ ჰქონდათ მიღებული საქართველოდან, შესაძლოა ყოფილიყო დადებითი პასუხი", — განაცხადა დავითაშვილმა.

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის ფედერალურმა სამსახურმა, რომელიც მოქმედებს როგორც სადამსჯელო ორგანო რუსეთის ფედერაციის არამეგობრული სახელმწიფოების მიმართ სავაჭრო სანქციების დაწესებისთვის, 15 ქართულ საწარმოს შესაძლოა რუსეთში რძის პროდუქტების გატანის ნებართვა მისცეს.

Tass-ის ცნობით, როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება მის ხელმძღვანელ სერგეი დანკვერტს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ზურაბ ჩეკურაშვილსა და სურსათის უვნებლობის თავმჯდომარეს შორის 5 მარტის მოლაპარაკების შედეგად მიიღეს.

საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობდა და ქართული პროდუქტის ექსპორტზე გატანის გადაწყვეტილებაც სწორედ ამის საფუძველზე იქნა მიღებული.