24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. უამრავმა რიგითმა მოქალაქემ ომში მოხალისედ წასვლა და სამშობლოს დასაცავად ბრძოლა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ომმა უკრაინის მშვიდი ყოველდღიურობა შეცვალა, სიყვარულის დამარცხება მაინც ვერ მოახერხა. ამის მშვენიერი მაგალითი ლესია და ვალერი არიან, რომლებმაც ომის დროს კიევში სამხედრო ტანსაცმელში იქორწინეს.

ფოტო: Heidi Levine

6 მარტს ლესია ფილიმონოვამ და ვალერი ფილიმონოვმა სხვა მოხალისეების, ჯარისკაცების, ჟურნალისტებისა და კიევის მერის თანდასწრებით ერთმანეთს სიყვარული შეჰფიცეს. ყველა ეცადა, ქორწილის ცერემონია საზეიმო და განსაკუთრებული ყოფილიყო. წყვილმა საქორწინო მარშის ფონზე გაიარეს. მათ გვირგვინების ნაცვლად თავზე ჩაფხუტები ეფარათ, ლესიამ კი საქორწილო ფატაც მოირგო. ჯვრისწერის ცერემონიაში მღვდელი გაუძღვა.

ფოტო: Heidi Levine

ფოტო: Heidi Levine

"იმიტომ, რომ აქ ყველაფერია, რაც გვიყვარს და უნდა დავიცვათ. მტერს არაფერს არ დავუთმობთ", — ასე ხსნის წყვილი ომში წასვლის მიზეზს.

ლესია და ვალერი 22 წელია ერთად არიან, თუმცა ქორწინებაზე აქამდე არ უფიქრიათ. ერთმანეთი ომის დაწყების შემდეგ არ უნახავთ, ამიტომ, როგორც კი შესაძლებლობა მიეცათ, გადაწყვიტეს, ექორწინათ. "ვინ იცის, რა მოხდება ხვალ", — ასე ხსნიან საკუთარ გადაწყვეტილებას.

ფოტო: Heidi Levine

ცერემონიას წყვილის 18 წლის შვილი თვალს ვიდეოზარით ადევნებდა. დრონიდან ყვავილების ფურცლებიც გადმოყარეს და ახლადდაქორწინებულებს "სტუმრებმა" საჩუქრებიც აჩუქეს. ტრადიციული კოცნის შემდეგ კი შეძახილები "დიდება უკრაინას", "დიდება გმირებს", "სიკვდილი მტერს" გაისმა.

ფოტო: Heidi Levine

ფოტო: Heidi Levine