უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის რძის პროდუქტების ექსპორტის შეთავაზებას და მხარეებს შორის მოლაპარაკებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მაშინ, როცა უკრაინაში ომია და რუსი ჯარისკაცები მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ, ეს ქმედება მიუღებელია. სამინისტროს თქმით, საქართველოს ხელისუფლებას დაავიწყდა 2008 წლის ომი და ახლა ცდილობს მომენტი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.

"ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა საქართველოს ხელისუფლებისგან უარყოფის ფონზე, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთთან, რომლის შეიარაღებული ძალები თავს ესხმიან უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს რაკეტებითა და ბომბებით, კლავენ უდანაშაულო მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს, სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა დაუშვებელია.

მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, საჯაროდ ჩამოშორდეს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის ხელმძღვანელობაც არღვევს საერთაშორისო კანონს და ახორციელებს სამხედრო დანაშაულებებს უკრაინაში. რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა რუსეთს დამატებით რესურსებს აძლევს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის გასაგრძელებლად და ამგვარად მიღებული ფინანსური მოგება გაჟღენთილია მოკლული უკრაინელი მოქალაქეების სისხლით.

საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამო, ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, კარგად იცის ომის საშინელება, რომელსაც ახლა უკრაინელები გადიან. ამავდროულად, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ეს ყველაფერი დაავიწყდა და ახლა ცდილობს გამოიყენოს მომენტი საკუთარი ინტერესებისთვის", — ვკითხულობთ განცხადებაში.

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის ფედერალურმა სამსახურმა, რომელიც მოქმედებს როგორც სადამსჯელო ორგანო რუსეთის ფედერაციის არამეგობრული სახელმწიფოების მიმართ სავაჭრო სანქციების დაწესებისთვის, 15 ქართულ საწარმოს რუსეთში რძის პროდუქტების გატანის ნებართვა მისცა.

Tass-ის ცნობით, როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება მის ხელმძღვანელ სერგეი დანკვერტს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ზურაბ ჩეკურაშვილსა და სურსათის უვნებლობის თავმჯდომარეს შორის 5 მარტის მოლაპარაკების შედეგად მიიღეს.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობდა და ქართული პროდუქტის ექსპორტზე გატანის გადაწყვეტილებაც სწორედ ამის საფუძველზე იქნა მიღებული.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში