უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიიდან სლოვაკეთში მარტო ჩასული 11 წლის ბიჭი ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა "ღამის უდიდეს გმირად" გამოაცხადეს.

სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საზღვარზე გადასვლისას ბიჭს თან მხოლოდ ზურგჩანთა, პარკი და პასპორტი ჰქონდა, ხელზე კი ტელეფონის ნომერი ეწერა.

ფოტო: Ministerstvo vnútra SR / Facebook

როგორც ცნობილი გახდ, მშობლებს უკრაინაში დარჩენა მოუხდათ, ამიტომ ბიჭი უცხო ქვეყანაში მარტო გაემგზავრა. სამინისტროს ცნობით, მასზე ზრუნვა — დაბინავება და საჭმელ-სასმლით გამასპინძლება — მოხალისეებმა აიღეს საკუთარ თავზე.

ხელზე დაწერილი ტელეფონის ნომრითა და პატარა ბარათით, რომელიც პასპორტში იდო, საზღვარზე გადასული ბიჭის სლოვაკეთში მცხოვრებ ნათესავებთან დაკავშირება შეძლეს. ისინიც მალე მოვიდნენ და "ღამის გმირი" თან წაიყვანეს.

ფოტო: Ministerstvo vnútra SR / Facebook

"თავისი ღიმილით, უშიშრობითა და ნამდვილი გმირის შეუპოვრობით ყველას გული მოიგო", — დასძენს სამინისტრო.

გაეროს 3 მარტის ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნილი საომარი სიტუაციის გამო ქვეყანა უკვე 1,2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ლტოლვილების ნახევარზე მეტი, 53,7 პროცენტი პოლონეთში გადავიდა, დანარჩენებმა კი სხვა მეზობელ ქვეყნებს: სლოვაკეთს, მოლდოვას, რუმინეთსა და უნგრეთს შეაფარეს თავი.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში