დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს.

"რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმა, რომელმაც დრამატულად იმოქმედა სამოქალაქო პოპულაციაზე და გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, და დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს რუსული სამხედრო ძალები. მისი განგრძობითი აგრესიით, პრეზიდენტ პუტინმა რუსეთის მსოფლიოსგან იზოლაცია მოახდინა, რასაც მოწმობს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რუსული აგრესიის დაგმობა და ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოწოდება", — აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ და მშვიდობიან მოქალაქეებზე, ასევე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურებზე თავდასხმებს გმობენ. ისინი რუსეთს საერთაშორისოდ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ შესაბამისმა ორგანიზაციებმა ჰუმანიტარული დახმარებების გაწევა უსაფრთხოდ, სწრაფად და შეუფერხებლად უნდა შეძლონ.

"ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ გავზარდოთ ჰუმანიტარული დახმარება, რადგან უკრაინელი ხალხის საჭიროებები რუსული აგრესიის ფონზე იზრდება. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს თავდასხმები, განსაკუთრებით, პირდაპირ უკრაინის ატომური ელექტროსადგურებისკენ მიმართული. ნებისმიერი შეიარაღებული თავდასხმა და მუქარა ბირთვულ ობიექტებზე წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ისინი ასევე გმობენ რუსეთის მთავრობისა და მასთან დაკავშირებული მედია საშუალებების მიერ ფართომასშტაბიან დეზინფორმაციას, რომელიც რუსულ აგრესიას მხარს უჭერს და ადამიანებს დამატებით აყენებს რისკის ქვეშ.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის სუვერენიტეტის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ხაზს ვუსვამთ, რომ რუსეთის განახლებული აგრესიით მიღწეული სტატუსის ნებისმიერი სავარაუდო ცვლილება არ იქნება აღიარებული", — აცხადებენ მინისტრები.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში