თბილისის სააპელაციო სასამართლომ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ლევან ქარდავასა და ამავე უწყების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის ვასილ ლელუაშვილის განაჩენი, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების შესახებ, უცვლელად დატოვა. ინფორმაცია დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.

"სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წელს, ვასილ ლელუაშვილმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს უკანონოდ დაავალა ისეთი კომპიუტერული პროგრამის დამზადება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერ კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა, მათ შორის კომპიუტერთან ახლოს გამართული საუბრების უკანონო მიყურადება და ჩაწერა. ვ. ლელუაშვილის დავალების შესაბამისად, კუდ-ის თანამშრომლებმა 2011 წელს შექმნეს ასეთი შესაძლებლობების მქონე კომპიუტერული, ე.წ. „ვირუსული“ პროგრამა, განახორციელეს სხვადასხვა პირების კომპიუტერებში შეღწევა და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება," - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლის 27 სექტემბერს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, შოთა ხიზანიშვილმა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, ლევან ქარდავამ იმჟამინდელი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრზე განახორციელეს ზემოქმედება და დაიყოლიეს ვიდეოკამერის წინ ეთქვა მათ მიერ წინასწარ შედგენილი ტექსტი, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის დავალებით ის ფარულად იწერდა ბლოკ ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების წევრების საუბრებს. პროკურატურა განმარტავს, რომ ამგვარი ჩანაწერებს ვასილ ლელუაშვილის მითითებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მოიპოვებდა.

"ვასილ ლელუაშვილის დავალებით, შპს მეცხრე არხის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის მარტის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შპს ლასარეს კუთვნილ საბაჟო ტერმინალში ელექტროშოკის გამოყენებით მრავალგზის და განზრახ დააზიანეს შპს ფინსერვისის, შპს ბურჯის და სს ქართუ ჯგუფის კუთვნილი სხვადასხვა დანიშნულების აპარატურა," - აღნიშნავენ პროკურატურაში.