უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ოკუპანტ ქვეყანას არაერთმა სახელმწიფომ დაუწესა სანქციები. უამრავი მსხვილი კომპანია აქ გაყიდვებს აჩერებს, ნაწილი კი საერთოდ ტოვებს ქვეყანას. ასეთები არიან Apple, Disney, Ford, BP და ა.შ. დღეს კი მათ რიგებს Microsoft-იც შუერთდა.

"დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, ჩვენც შეძრწუნებულები, გაბრაზებულები და დამწუხრებულები ვართ უკრაინაში მიმდინარე ომის ამსახველი ფოტოებითა და ახალი ამბებით. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ამ გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ და უკანონო შეჭრას", — ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

Microsoft-მა დღეს განაცხადა, რომ იგი შეაჩერებს კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების ყველა ახალ გაყიდვას რუსეთში. გარდა ამისა, განცხადების მიხედვით, ეს უკანასკნელი მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებთან და რუსეთში სამთავრობო სანქციების შესაბამისად, ბიზნეს საქმიანობას წყვეტს.

"გვჯერა, რომ ყველაზე ეფექტიანი გზა უკრაინის დასახმარებლად ამ მთავრობების მიერ დაწესებულ სანქციებთან შესაბამისად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ისევ ასე გაგრძელდება, დამატებით ნაბიჯებსაც გადავდგამთ".

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ კომპანია პროაქტიულად აგრძელებს უკრაინაში რუსეთის ჰაკერული თავდასხმების მოგერიებას, რაც ასევე მოიცავს ბოლოდროინდელ კიბერთავდასხმას უკრაინის მთავარ სამაუწყებლო არხზე.

ომის დაწყებიდან Microsoft აქტიურად მოქმედებდა უკრაინის მთავრობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა თუ ფინანსური სექტორის 20-ზე მეტი ორგანიზაციის მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული დესტრუქციული ზომების თავიდან ასაცილებლად.

"უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ვაგრძელებთ რესურსების მობილიზებას. Microsoft Philanthropies და გაერო მჭიდროდ თანამშრომლობენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან და რამდენიმე სააგენტოსთან, რათა ლტოლვილები ტექნოლოგიებით უზრუნველყონ, მთავარი არასამთავრობო ორგანიზაციებს კი ფინანსურად დაეხმარონ და ამ გზით დაიცვან ქვეყანა კიბერშეტევებისგან".

"როგორც კომპანია, ჩვენ ვზრუნავთ უკრაინაში ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე და ვთავაზობთ მხარდაჭერას მათ, ვისაც სიცოცხლის შენარჩუნებისა და უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის დატოვება სჭირდება".