Pulsar AI, რომელიც გლობალური Exit-ის შემდეგ საქართველოში "სუპერნოვას" სახელით მოღვაწეობს, რუსულ კომპანია "ბილაინთან" თანამშრომლობას წყვეტს და მისთვის შექმნილ ჩეთბოტს აძინებს. ამის შესახებ "პულსარის" თანადამფუძნებელი და CEO, დაჩი ჭოლაძე წერს.

"ჩვენ, ხალხს, ერთად ბევრად მეტად შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას, ვიდრე მთავრობებს და მოდით არ გავჩერდეთ. ჩვენ წარმოვადგინოთ ჩვენი თავი, პირველ რიგში, ჩვენივე "სანქციებით" და ქმედებებით. ნუ დაველოდებით იმათ, ვისაც ამ სიმახინჯეში ყოფნა შეუძლია და პირადი უსაფრთხოება და პირადი კეთილდღეობა ურჩევნია ღირებულებებით ცხოვრებას. დღევანდელ მოცემულობაში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევწყვიტოთ ჩვენს კლიენტთან, "ბილაინთან" (ვიონი საქართველო) ურთიერთობა და დავაძინოთ ჩეთბოტი "სუპერ ბი", — წერს დაჩი ჭოლაძე.

ჭოლაძის თქმით, "სუპერ ბის" დაძინებამდე კამპანიის გაკეთება უნდოდათ, რომლის ფარგლებში რამდენიმე დღის განმავლობაში ბოტი შეტყობინებების ბოლოს დაწერდა — "Slava Ukraini! დიდება უკრაინას!" თუმცა, მათ ამ შეთავაზებაზე "ბილაინისგან" უარი მიიღეს. შესაბამისად, "სუპერნოვა" პირდაპირ დააძინებს "სუპერ ბის".

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დისტანციური ვერიფიკაციის ქართული სისტემა Kvalifika VTB ბანკთან თანამშრომლობას წყვეტდა. ქართული სტარტაპი ბანკს მომხმარებლის დისტანციური რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის საშუალებას აძლევდა. ჭოლაძის განცხადებიდან ირკვევა, რომ ცოტა ხნის წინ, Kvalifika-სა და "სუპერნოვას" დისტანციური ვერიფიკაციის სისტემების შერწყმა მოხდა, რის შემდეგაც მათ ერთ კომპანიად გააგრძელეს ოპერირება. შესაბამისად, "სუპერნოვა" და "კვალიფიკა" ერთად წყვეტენ თანამშრომლობას კიდევ ერთ რუსულ კომპანიასთან — VTB ბანკთან.

აღსანიშნავია, რომ Reuters-ის თანახმად, რამდენიმე დღის წინ, რუსი მილიარდერებისკენ მიმართული სანქციების შედეგად, მიხაილ ფრიდმანს Veon-ის დირექტორთა საბჭოს დატოვება მოუწია. ეს რუსი მილიარდერი Veon-ის ყველაზე დიდი აქციონერია და ფლობს კომპანიის 47.9%-იან წილს. ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ფრიდმანმა უარყო პუტინის ადმინისტრტაციასთან არსებული მჭიდრო კავშირი და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან მის სანქცირებულთა სიაში შეყვანას გააპროტესტებს.

შეგახსენებთ, რომ PulsarAI პირველი ქართული სტარტაპია გლობალური Exit-ით, რომელიც ამჟამად აშშ-ის ბაზარზე ოპერირებს.

ასევე: Pulsar AI გლობალურმა SpinCar-მა შეიძინა — ქართული სტარტაპის ღირებულება უკვე რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია