საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია კომისიამ პარლამენტის გაძლიერების ნაწილში, რატომ არ განიხილა ორპალატიანი პარლამენტის საკითხი. პრეზიდენტმა დღეს, კონსტიტუცია ყველასია კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა:

"ის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტს ირჩევენ არაპირდაპირი გზით, ძირითადად ფედერალური მოწყობის ქვეყნებია და იქ არის ორპალატიანი პარლმანეტი. ორპალატიანი პარლამენტი, პარლამენტს რეალურად აქცევს ბევრად უფრო ქმედით სისტემად. ორპალატიანი პარლამენტი ხელისუფლების შტოთა გარკვეული გაწონასწორების ფუნქციას ახორციელებს, სუსტი პრეზიდენტის არსებობის პირობებში."

მოქმედი კონსტიტუციის მე-4 მუხლში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი.