რუსეთის უკრაინაში შეჭრას ენდი სერკისი ორიგინალურად გამოეხმაურა და პუტინიც გააკრიტიკა. მსახიობი სტივ კოლბერტის შოუში იყო მიწვეული, რომელშიც Lord of the Rings-დან თავისი პერსონაჟის, გოლუმის, ხმით პრეზიდენტ პუტინის პაროდია გააკეთა.

სერკისმა პუტინის დასაცინად ბეჭდების მბრძანებლიდან ის ცნობილი სცენა გამოიყენა, რომელშიც გოლუმი და სმეაგოლი ერთმანეთს ესაუბრებიან. სერკისის მიხედვით, საკუთარ თავთან პუტინის დიალოგი ასეთი იქნებოდა: "ჩვენ გვინდა ეს! ჩვენ გვჭირდება! ჩვენ უნდა ავიღოთ კიევი", — ამაზე კი საკუთარი თავი პასუხობს: "არა ძვირფასო, ისინი სანქციებს დაგვიწესებენ". თუმცა პუტინი ამაზე არ ჩერდება და ასეთი პასუხი ისმის: "სანქციები? თუ ისინი ამას გააკეთებენ, სათანადო პასუხს გავცემთ".

პუტინის აგრესიას ამ გზით უპასუხა სერკისმა, რომელი ამჟამად The Batman-ში იღებს მონაწილეობას. ამასთან ისიც აღსანიშნავია, რომ Warner Bros.-მა რუსეთში დაგეგმილი ბეტმენის პრემიერა გააუქმა.

"უკრაინაში არსებული კრიზისის ფონზე, WarnerMedia რუსეთში ბეტმენის დიდ ეკრანებზე გამოსვლას აჩერებს. სიტუაციის განვითარებაზე დაკვირვებას განვაგრძობთ. ვიმედოვნებთ, ამ ტრაგედიას სწრაფად და მშვიდობიანად მოეღება ბოლო", — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

ბეტმენის პრემიერა აშშ-ში 4 მარტს შედგება.