საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს კონსტიტუცია ყველასია კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.

სტუდენტებთან შეხვედრისას მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სამწუხაროა, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებით პრეზიდენტის არჩევის ნება საქართველოს მოქალაქეებს აღარ ექნებათ:

"პირველი და სამწუხარო მდგომარეობს იმაში, რომ ხალხის ნათლად გამოხატული ნება, რომ აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი იქნა უგულებელყოფილი და ახალი ვერსიით არა საზოგადოება, არა ჩვენ, არა მოქალაქეები, ავირჩევთ პრეზიდენტს, არამედ გარკვეული სხვა წესით ე.წ. სამასი ხმოსანი".

მარგველაშვილმა იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ისაუბრა, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას შეკვეცავენ:

"ამ ახალ პრეზიდენტს ფაქტობრივად აღარ გააჩნია რეალურად ის მცირედი უფლებებიც კი, რაც 2013 წლიდან პრეზიდენტს ჰქონდა. და, ყველაზე საშიში მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტობრივად ქვეყანას აღარ ეყოლება მთავარსარდალი; მთავარსარდალი, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს როგორც სამხედრო ძალებზე სამოქალაქო კონტროლს, ასევე ჩვენი რეგიონის ქვეყანაში ეფექტიან თავდაცვით საქმიანობას და თავდაცვისუნარიანობის აღმშენებლობას.

გამქრალია უშიშროების საბჭო და რეალურად, პრეზიდენტი, რომელსაც ფორმალურად ევალება, რომ ომის შემთხვევაში იყოს მთავარსარდალი, ყოველგვარი კომპეტენციის გარეშე ხდება მთავარსარდალი და მის მოქმედებას ფაქტობრივად აღარ ექნება ეფექტიანობა".

გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებს საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციური ცვლილებების ფარგლებში არსებულ სხვა საკითხებზეც ესაუბრა.