სოციალური ქსელების მომხმარებლებმა Airbnb-ს ახალი დანიშნულება უპოვეს. Twitter-ისა და Facebook-ის მომხმარებლები ამბობენ, რომ Airbnb-ზე უკრაინელების ბინებს ჯავშნიან, თუმცა იქ დარჩენა არ სურთ. ამის მიზეზი ის არის, რომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსურად დაეხმარონ.

"უკრაინელების დასახმარებლად AirBnb-ზე ახლახან დავჯავშნე ბინა ერთი კვირით. ეს მარტივი გზაა, რათა თანხა პირდაპირ უკრაინის მოქალაქეს გადაერიცხოს", — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

თავად Airbnb-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ 100 ათასამდე მოქალაქეს უფასო საცხოვრებელს სთავაზობს.

გარდა ამისა, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ისიც აღნიშნეს, რომ Airbnb უკრაინაში დაჯავშნილ ბინებზე თავის წილ გადასახადს აღარ იღებს და მთლიანი თანხა ბინის მეპატრონეს ერიცხება. "კრიზისის დროს ჩვენი საზოგადოების გულუხვობას ვაფასებთ", — აღნიშნა Airbnb-ის წარმომადგენელმა.

Airbnb-ზე ფული გადარიცხვა ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ მსოფლიო მზად არის უკრაინელებს დაეხმაროს. ამ შემთხვევაში კი სოციალურმა ქსელების მომხმარებლებმა ის გზა იპოვეს, რომლითაც თანხას პირადად უკრაინელ მოქალაქეებს ჩაურიცხავენ, რომლებსაც ამ მომენტში ეს მართლაც სჭირდებათ.