უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. მათივე ცნობით, ოპერატიული პერსონალი აკონტროლებს ელექტროსადგურების მდგომარეობას და უზრუნველყოფს მათ მუშაობას ტექნოლოგიური რეგულაციების უსაფრთხოების შესაბამისად.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უდიდესია მსოფლიოში, სწორედ ის დაბომბეს რუსებმა ომის მეცხრე დილას, შედეგად ხანძარი გაჩნდა. ელექტროსადგურის კამერებიდან პირდაპირ ეთერში ჩანდა, რომ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა შეტაკებები და იყო აფეთქებები. უკრაინული სახელმწიფო უწყებების განცხადებით, სროლის გამო ადგილზე ვერ შედიოდნენ მაშველები და ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდებოდა.

მოგვიანებით უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორმის მოვალეობის შემსრულებელმა, იგორ მურაშოვმა განაცხადა, რომ ბირთვული უსაფრთხოება ელექტროსადგურზე დარღვეულია. ელექტროსადგურის სპიკერის თქმით, რეალური ბირთვული საფრთხე არსებობს.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი კი ამბობს, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე აფეთქება შეიძლება იყოს ყველაზე დიდი კატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში.

"ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არის შვიდი ბირთვული დანადგარი, ექვსი ელექტროსადგური და საწყობი. მე-2 და მე-3 ბლოკები უსაფრთხოდ დაიხურა, მე-4 ბლოკი ახლა ფუნქციონირებს. პირველი ენერგობლოკი შეკეთების პროცესშია (მას დაესხნენ თავს). მე-5 და მე-6 ბლოკები რეზერვშია და უსაფრთხოდაა. მეოთხე ენერგობლოკის სიმძლავრე საკმარისია", — აცხადებს უკრაინის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უკრაინის მარეგულირებელზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების შემდეგ არ დაფიქსირებულა რადიაციული დონის ცვლილება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ბორის ჯონსონი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მოითხოვს უახლოეს საათებში.